თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას, უნდა მოუსმინოს თუ არა სსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მათ შორის დიპლომატებს, კალაძე პასუხობს, რომ “თუ ასე არის საჭირო — კი”.
“უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვისზეც მოსასმენია, კანონის ფარგლებში. ყველა ქვეყანაში ეს ასე ხდება, ჩემო მეგობრებო, შესაბამისად, ჩვენი სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვისაც სჭირდება და მოსასმენია, რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონის ფარგლებში”, — განაცხადა კალაძემ.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს.
ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებსაც. ფაილებში დაარქივებულია ევროკავშირის ელჩისა და მისი თანამშრომლის საუბარი. თავდაპირველად, ელჩი თანამშრომელს პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ნომერს სთხოვს, შემდეგ კი მიმდინარე საკითხებზე თავის პოზიციას აფიქსირებს.