თბილისის მერია პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

420

თბილისის მერია პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მცდარია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერების ნაცვლად, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატები განთავსდა.

„თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ შპს „ალმასთან“ საინფორმაციო სარეკლამო მასალების გარე კონსტრუქციებზე განთავსების მომსახურების შესახებ კონტრაქტი გაფორმდა, რომლის თანახმად, აღნიშნული პროექტის სარეკლამო ბანერები 2021 წლის 20 აპრილიდან ამავე წლის 19 ივნისამდე უნდა განთავსებულიყო. ამ მიზნით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ორგანიზაცია „ალმასგან“ ყოველთვიურად, 275 კვადრატული მეტრი ფართობის სარეკლამო სივრცეს ქირაობდა. ვინაიდან 2021 წლის 19 ივნისს მათ შორის დადებული კონტრაქტი დასრულდა, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერები ჩამოიხსნა და ამაზე პასუხისმგებელი შპს „ალმა“ გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ თბილისში კახა კალაძის საარჩევნო ბანერები პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სანაცვლოდ განთავსდა.