მანჯგალაძის ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. გპირდებით, რომ სრულად განახლებული და მოწესრიგებული იქნება ,- ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვისას ისაუბრა.
კახა კალაძე მოსახლეობის კითხვებს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ირაკლი ხელაძესთან ერთად პასუხობს.
ერთ-ერთი მოქალაქის კითხვაზე, როდის დასრულდება მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია და როდის მოიხსნება წყლის ხშირად შეწყვეტის პრობლემა, კახა კალაძე პასუხობს, რომ სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.
რაც შეეხება წყლის შეწყვეტას, მისი თქმით, ამის გარეშე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.
„გვინდა კიდევ ერთხელ მოგიბოდიშოთ წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხვანაირად შეუძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. თუმცა ამ ქუჩის მცხოვრებლებისთვის წყლის შეწყვეტა მანამდეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მესმის რთულია, მაგრამ სჯობს ცოტაც მოვითმინოთ და ერთხელ და სამუდამოდ ყველა პრობლემა გადაიჭრება, მათ შორის წყლის ხშირად დაწყვეტა სხვადასხვა ავარიის გამო. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ეს ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში და გპირდებით, რომ სრულად განახლებული და მოწესრიგებული იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
ამასთან, ირაკლი ხელაძის თქმით, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციის პარალელურად, ნაძალადევის გამგეობამ ე.წ. სამკუთხედი ბაღის განახლების სამუშაოები დაიწყო.
„მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტია, რადგან აქ ინფრასტრუქტურა მთლიანად ამორტიზებული იყო. ავტომანქანით გადაადგილება რთული იყო. 70-80 წელი არაფერი განახლებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერთან“ ერთად, დაიწყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივებისთვის სანიაღვრე ქსელი ემატება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ქუჩაზე ახალი ლედ განათებების ქსელი მოეწყობა. ამასთან, აღნიშნულ ქუჩაზე არის ე.წ. სამკუთხედი ბაღი, რომლის რეაბილიტაციაც ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო და საბოლოოდ, ქუჩასთან ერთად, ეს სივრცეც სრულად განახლდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.