,,არასდროს გვქონია კანალიზაცია” – აქცია ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში

53

ქუთაისში, ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები კანალიზაციის არარსებობას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ქუჩაზე არც სანიაღვრე არხია მოწყობილი, რის გამოც, ყოველი წვიმის დროს იტბორებიან. მარჯვენა დასახლების მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. 

,,არასდროს გვქონია კანალიზაცია, არც სანიაღვრე არხებია მოწესრიგებული. ყოველი  წვიმის დროს ვიტბორებით. ნაგვის ურნებიც კი არ დაგვიდგეს.  მოდიან,  გვპირდებიან გავაკეთებთო, მაგრამ გაკეთებული აქ არაფერია’‘,- ამბობს ადგილობრივი დეა გვილავა.
 
აქციას ,,ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლები შეუერთდნენ. პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის სამსონ გუგავას თქმით, ქუთაისის მერია ა მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს.
 
“ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვით და ადამიანები ახსენდებათ წინასაარჩევნოდ, მაშინაც მხოლოდ დაპირებებს გასცემენ. ამ დასახლების პრობლემები არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა კორუფციულ ჭაობშია ჩაფლული ქუთაისის მერია. დასუფთავების სამსახური არის ყველაზე დიდი დაფინანსების მქონე ააიპი და ის ვერ უზრუნველყო, რომ სანაგვე ურნები დაედგა აქ მოსახლეობისთვის. 70 მილიონ ლარამდე დაიხარჯა ბოლო ოთხ წელიწადში წყალანირების სისტემის რეაბილიტაციისთვის და კანალიზაცია ვერ გააკეთა ამ ადამიანებისთვის”, – განაცხადა სამსონ გუგავამ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება ყურადღებას ისევ არ მიაქცევთ, მასშტაბურ აქციებს გამართავენ.