ბიზნესი გავლენებით ანუ ამბავი იმაზე, როგორ ააშენეს ქალაქის შუაგულში 7 უკანონო ობიექტი. გიყვებით გოგოლის ქუჩაზე, სადაც ნებართვა 2011 წელს სადგურის მშენებლობაზე გაიცა, თუმცა 10 წლის შემდეგ ადგილზე 7 გაურკვეველი ტიპის შენობა გაჩნდა. გავარკვიეთ, რომ კანონის გვერდის ავლით სამუშაოებს კომპანია „მეტრო ტერმინალი“ აწარმოებს, – წერს TV25.
გამოცემის ცნობით, ამ უკანასკნელის მიღმა თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დგას. ადგილობრივი თვითმმართველობა კი ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენთან მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ რამდენჯერმე დააჯარიმა.
ეს ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაა, გოგოლის 11 ნომერი. გაურკვეველი ფუნქციის ობიექტებს აქ „მეტრო ტერმინალი“ აშენებს. არადა ადგილზე სავაჭრო ცენტრი იყო გათვალისწინებული, რისთვისაც ნებართვა 2011 წელს, ბათუმის მერიამ გასცა. კომპანიამ კანონი დაარღვია. ასე გაჩნდა 7 უკანონო შენობა. ამას ისიც მოწმობს, რომ ადგილზე სამშენებლო ბანერიც კი არ დგას, შესაბამისად ვერც ვადებს ვიგებთ და ვერც პროექტის შესახებ ვიღებთ ინფორმაციას.
უკანონო მშენებლობა კითხვებს უჩენს ოპოზიციას. ადგილზე დღეს ბათუმის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები მივიდნენ. გიორგი კირთაძის თქმით, მსგავსი ობიექტები ქალაქს საფრთხეში აგდებს.ხელისუფლების ოპონენტები ხელს ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერენ.
„მეტრო ტერმინალი“ „მეტროს“ შვილობილი კომპანიაა. მას თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი ფლობს. ეს უკანასნკნელი საქართველოს მთავრობასთან დაახლოებული პირია. განხორციელებული აქვს არაერთი მსხვილი ინვესტიცია. ამავდროულად მის სახელს უკავშირდება უკანონო მშენებლობები. დღეს ჩვენ მასთან დაკავშირება უშედეგოდ ვცადეთ.
დაპირება ტყუილი აღმოჩნდა. დღის განმვალობაში საკონტაქტო ტელეფონის გადმოგზავნას უშედეგოთ ველოდეთ. პასუხი არც მერიაში გაგვცეს. გვაინტერესებდა, 2011 წელს რა ტიპის მშენებლობაზე გაიცა ნებართვა ან როგორ ვერ შენიშნეს ქალაქის შუაგულში 7 უკანონო მშენებლობა. უწყებაში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ. ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ ის გახდა, რომ ადგილზე სადგურის მშენებლობა იყო დაგეგმილი. გავიგეთ ისიც, რომ უკანონო მშენებლობისთვის კომპანია „მეტრო ტერმინალი“ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 6-ჯერ დააჯარიმა.
შეაჩერებს თუ არა კომპანია მშენებლობას და მოახდენს თუ არა მის დემონტაჟს? ეს ალბათ რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. ფაქტია, რომ გავლენიანი ბიზნესმენები ბათუმში, კანონის გვერდის ავლით უკანონო მშენებლობებს მარტივად იწყებენ.