ქუთაისის მერიასა და შპს „ქუთაისის უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ორი მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მემორანდუმის თანახმად, მერია „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სტუდენტების სასწავლო პრაქტიკის განხორციელებას რამდენიმე საგანამანათლებლო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს, კერძოდ: ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ეკონომიკის, ტურიზმის, ფინანსების საბაკალავრო პროგრამები; საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სამაგისტრო პროგრამებში.
„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების მიზანია სტუდენტების ლექცია-პრაქტიკულების ჩასატარებლად აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განახლების პროცესში თანამშრომლობა.
მეორე მემორანდუმი კი, ERASMUS + -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „რეგიონალური უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ ფარგლებში, რეგიონის განვითარების ხელშეწყობასა და საგანმანათლებლო საკითხებში თანამშრომლობას ისახავს მიზნად.
ქუთაისის მერიას და უნივერსიტეტს წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.