თბილისის მერობის ენმ-ის კანდიდატი, ნიკა მელია პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუქმდება.
“პირველი, რასაც გამარჯვების შემდეგ მე და ჩემი გუნდი, მე და ჩემი მეგობრები, პარტნიორი პარტიები გავაკეთებთ, გპირდებით, რომ იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურად წოდებული ჟანდარმერიის გაუქმება. ეს უდაოა, ეს აუცილებლად გასაკეთებელია.
მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია, მიუხედავად მისი სახელისა, კუდი იქნება, სუსი, კუდი თუ ჯანდაბა, გაუქმდება და არ იარსებებს ქვეყანაში თქვენი გადასახადებით დაფინანსებული უწყება, რომელიც თქვენვე გისმენთ და გაშანტაჟებთ. არ იარსებებს ღირსების და თავისუფლების ფეხქვეშ გამთელავი მანქანა, რომელიც სახელმწიფოს სახელით თქვენ გერჩით და გაშანტაჟებთ.
ეს მოხდება 100%-ით. მე ამის პირობას ვდებ და რადაც არ უნდა დამიჯდეს, მივაღწევ მეგობრებთან ერთად. ამის გარანტი ქვეყნის კოალიციური მმართველობა იქნება”, – თქვა მელიამ სპეციალურ ბრიფინგზე.
მელიამ თქვა, რომ ამ პირობის შესასრულებლად საჭიროა ცვლილებები, რასაც არჩევნებში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა სჭირდება.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც.
ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. ფაილები 2014-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს ფორმულას ჟურნალისტი ნინო ვარძელაშვილი. ის ამბობს, რომ გავრცელებულ ფაილში ზუსტად არის მისი და მამა გიორგი ზვიადაძის საუბარი აღწერილი, რომელიც თებერვალში, სინოდის სხდომამდე შედგა.
ავთენტიკურობას ადასტურებენ: TV პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც, ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეკომპანია მთავარის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ასევე, ლელოს ერთ-ერთი ლიდეერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ფაილებში არსებული ჩანაწერი მისი და მეუფე თეოდორეს შესახებ, ავთენტურია.
ინფორმაციას ადასტურებს ასევე ტაბულას მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომლის სახელი და გვარი რამდენჯერმეა მოხსენიებული ფაილებში. ასევე აღწერილია მისი საუბარი სასულიერო პირთან.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.