საავტომობილო გზების დეპარტამენტი: გრემისხევის თემში გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

355

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელიანში მისასვლელ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზა სათავეს იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მჭადიჯვარიდან და მიყვება მდინარე ნარეკვავის ხეობის ზედა ნაწილს გრემისხევის თემის დასახლებულ პუნქტებამდე.

„გზა ემსახურება გრემისხევის თემის 11 სოფლის მოსახლეობას, ადგილობრივ სახნავ-სათესებს და სატყეო მეურნეობას. გასულ საუკუნეში გრემისხევის თემი საქართველოში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი დასახლება იყო. დღეისათვის კი სოფლები დაცლის პირასაა, რის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზადაც მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა სახელდებოდა.

ამ ეტაპზე სამშენებლო ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები, რაც ითვალისწინებს გაბიონის კედლების, რკინაბეტონის სწორკუთხა და მრგვალი მილების, საყრდენი კედლების და კიუვეტების მოწყობას. ამასთან, სოფელ მიქელიანის დასახლებულ პუნქტში დაიგო ასფალტის საფარი (ქვედა ფენა). აქტიურ ფაზაშია საგზაო სამოსის საფუძვლის მოწყობა, ხოლო უახლოეს დღეებში იგეგმება ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და წლის ბოლომდე დასრულება.

საავტომობილო გზის 11.4 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, დასახლებულ მონაკვეთზე კი მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ტროტუარები და რკინაბეტონის ღარები. ვინაიდან არსებული გზის საფარი გრუნტიანი იყო და გზაზე ფაქტიურად არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა, პროექტში განისაზღვრა მთელი რიგი სამუშაოები საავტომობილო გზის მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად (ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, სასიგნალო ბოძკინტები, საგზაო ნიშნები და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშოები).

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,9 მილიონი ლარით ფინანსდება“,- აღნიშნავენ უწყებაში.