კახეთის 575-მილიონიანი გზატკეცილის მშენებლობა 5 ჩინურ კომპანიას სურს

50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობისთვის 2 ტენდერი გამოაცხადა. პროექტი სულ 3 ლოტს მოიცავს, რომელთა საერთო სიგრძე 35.2 კილომეტრია. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

პროექტი 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აქედან 2 ლოტის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 575 მილიონი ლარია და ეს ტენდერი საერთაშორისო მომწოდებლებისთვის გამოცხადდა. პირველი ტენდერის სავარაუდო ღირებულება კი 74.8 მილიონი ლარია და ეს შესყიდვა ქართული კომპანიებისთვის გამოცხადდა.

პროექტის ორივე ტენდერზე ამჟამად წინადადებების შერჩევა მიმდინარეობს. 575-მილიონიან ტენდერში მონაწილეობა სულ 9 უცხოურმა კომპანიამ მიიღო. მათგან ორივე ლოტის მშენებლობის სურვილს ოთხი კომპანია გამოთქვამს.

ლოტი 1) ვაზიანი-საგარეჯოს 23.8-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 383.8 მილიონ ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადებების წარდგენა 7 აგვისტოს დაიწყო და 11 აგვისტოს დასრულდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი მაგისტრალი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეში უნდა დაასრულოს. ერთი კილომეტრის მშენებლობის სავარაუდო საფასური 16.1 მილიონი ლარია.

ლოტი 2) საგარეჯოს შემოვლითი გზის 7.66 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 191.5 მილიონი ლარია. ტენდერში წინადადებების წარდგენა 7 აგვისტოს დაიწყო  და 11 აგვისტოს დამთავრდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ახალი მაგისტრალი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა დაასრულოს. ერთი კილომეტრის მშენებლობის სავარაუდო საფასური 25 მილიონი ლარია.

ორივე ლოტის მშენებლობაზე, კომპანიების მიერ დაფიქსირებული წინადადებებია:

TASYAPI INSAAT TAAHHUT SAN. (თურქეთი) – 574,438,709 ლარი;
Sinohydro Corporation Limited (ჩინეთი) – 528,916,700 ლარი;
China Road and Bridge Corporation (ჩინეთი) – 488,594,197 ლარი;
CSI-SDLQ JV (ჩინეთი) – 480,163,123 ლარი.

რაც შეეხება ვაზიანის შემოვლითი გზის 3.7-კილომეტრიან მონაკვეთს, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 74.8 მილიონი ლარია. მასში ამჟამად წინადადებების შერჩევა მიმდინარეობს. სისტემაში, ჯერჯერობით, ერთი პრეტედენტის – შპს “NEW Road”-ის წინადადება ჩანს, რომელიც მთავრობას გზის აშენებას 63.9 მილიონ ლარად სთავაზობს.