ქუთაისში, წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაციის ვადამ კიდევ ერთხელ გადაიწია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რომელიც სამუშაოებზეა პასუხისმგებელი, ამბობენ, რომ წერეთლის ქუჩის მოწყობა 15 ოქტომბრისთვის, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე გზის მოწესრიგება ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბაქარ ჭეიშვილის განმარტებით, სამუშაოების კიდევ ერთხელ გახანგრძლივება მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია.
“პრობლემები შეგვექმნა წერეთლის ქუჩაზე და აქტიურად ვცდილობთ მის გამოსწორებას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამინდებმა ხელი შეგვიწყოს. გვინდა, რომ აღმაშენებლის ქუჩა ნინოშვილის ქუჩის მხრიდან ნაწილობრივ გავხსნათ. უკვე დაწყებულია აღმაშენებლის ქუჩაზე დაგრუნტვა. ვცდილობთ, ბალახვნის ხიდის გახსნას, რათა ქალაქი ცოტა მაინც განიტვირთოს”, – ამბობს ბაქარი ჭეიშვილი.
წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩების რეკონსტრუქცია 2021 წლის იანვარში დაიწყო. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად მიმდინარე წლის ივნისი განისაზღვრა. მოგვიანებით, საგზაო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მიწისქვეშა კომუნკაციების გამო შექმნილი პრობლემის მიზეზით, რეკონსტრუქციის დასრულების ვადამ სექტემბრამდე გადაიწია, თუმცა, არც ეს თარიღი აღმოჩნდა გადათხრილი ქუჩების რეკონსტრუქციისთვის საკმარისი.
საქართველოს საავტომობილო გზების დაპარტამენტი ორივე ქუჩის რეაბილიტაციისთვის ჯამში 14 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს.