კალაძე: დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, ვინც ამ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას შეძლებს

541

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვინც ამ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას შეძლებს ყველა რაიონში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება გარკვეულ ქალაქში იყოს მეორე ტური, რაც არ წარმოადგენს პრობლემას.

„ჩემი შეფასება, რასაც მე ვუყურებ და ვგრძნობ, გარკვეული გამოცდილება გვაქვს არჩევნებში მონაწილეობის, ვხედავ, რა საზოგადოების განწყობას. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ვინც ამ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას შეძლებს ყველა რაიონში. შეიძლება გარკვეულ ქალაქებში იყოს მეორე ტური, თუმცა, ესეც არ წარმოადგენს პრობლემას, ესეც დემოკრატიის ნაწილია და ჩვეულებრივ ჩატარდება მეორე ტური, სადაც ამის აუცილებლობა იქნება“, – აღნიშნავს კალაძე.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს თანაპარტიელის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ოპონენტების დისკრედიტაცია დაიწყო“, კალაძე განმარტავს, რომ სიბინძურე, სიყალბე და ტალახის სროლაა „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია.

„ძალიან ცუდია. რეალურად, მოსახლეობასთან სათქმელი არაფერი აქვთ. შეგიძლიათ ჩართოთ ის ვიდეოკლიპები, რომელიც სააგიტაციოდ აქვთ გაშვებული ტელევიზიებში ჩემთან დაკავშირებით, სხვას რომ თავი დავანებოთ, სიბინძურე, სიყალბე, ტყუილი, ცილისწამება და ტალახის სროლა – ეს არის მათი საარჩევნო კამპანია, სამწუხაროდ“,-აღნიშნავს კალაძე.