“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სხვადასხვა საჯარო მოხელეს მიმართავს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი წინასაარჩევნოდ დაშინებისა და ზეწოლის ობიექტები გახდებიან, პარტიას დაუკავშირდნენ. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და გამოეხმაურა TV პირველის საგამოძიებო რეპორტაჟს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება საჯარო სამსახურში დასაქმებულებს უსმენს.
“მივმართავ ყველა საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ბაღის თუ სკოლის დირექტორს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ამ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება იყოს ზეწოლის ობიექტი. მოგვმართეთ, პირდაპირი თუ ირიბი, ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში, მოგვმართეთ საჯაროდ, დაფარულად, გადმოცემით. ჩვენ თქვენ დაგიცავთ. არ არსებობს იმაზე დიდი ფასეულობა, ვიდრე თქვენი უფლებების თქვენი პირადი სივრცის დაცვა. პირობას გაძლევთ, რომ ვერცერთი სისტემა ვერ დაგჩაგრავთ თუ ვიდგებით ერთად”, — განაცხადა ხოშტარიამ.
,ისივე თქმით, 1 წლის განმავლობაში კომუნიკაცია ჰქონდა რამდენიმე სკოლის დირექტორთან, რომლებიც როგორც ხოშტარია ამბობს, პოლიტიკური მოსაზრებების გამო შეავიწროვეს ან სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
- გათავისუფლებული სკოლის დირექტორები — რა კითხვები აქვთ მათ სამინისტროსთან
11 სექტემბერს TV პირველის ეთერში საგამოძიებო რეპორტაჟი გავიდა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, საბავშვო ბაღების გამგეებს, სხვადასხვა სსიპ-ებში დასაქმებულებს, თავად ქართული ოცნების წევრებს უსმენს და მათ მონაცემებს აღრიცხავს. რეპორტაჟის მიხედვით, ოპოზიციური პარტიის წევრებთან რაიმე სახის კავშირის შემთხვევაში, მათ “არასანდოებად” აცხადებს და სამსახურიდან ათავისუფლებს. ტელევიზიის ინფორმაციით, ადამიანები “არასანდოებად” სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გვერდების მოწონების გამოც ცხადდებიან.
TV პირველის ცნობით, ამ მონაცემებს სუს რაიონების მიხედვით ითვლის და აღრიცხავს, რამდენი ხმა დაკარგა არჩევნებზე მმართველმა პარტიამ კონკრეტულ ოლქში. მაგალითად, ერთ-ერთ დოკუმენტში ისანი-სამგორის რაიონის შესახებ წერია შემდეგი ინფორმაცია: “ამ ეტაპისთვის ოპოზიციურად განწყობილი საჯარო სამსახურებში დასაქმებული ზემოაღნიშნულ პირთა განეიტრალების შესაძლებლობა არ არსებობს. მათ საარჩევნო რესურსს წარმოადგენს ოჯახის წევრები და ახლო გარემოცვა, თითოეულის, დაახლოებით 20-25. ჯამში, 250 მოქალაქე.”
On.ge სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ესაუბრა, სადაც გვითხრეს, რომ უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.