გორის მერი: კომბინატი-წმინდაწყლის ხიდისა და გორიჯვრის საბაგიროს მოწყობა ვერ მოვასწარი

755

გორის მერის უფლებმოსილების ვადის ამოწურვამდე თვეზე ნაკლები რჩება. კონსტანტინე თვაზარაშვილი განხორციელებულ სამუშაოებს აჯამებს და აცხადებს, რომ თითქმის ყველა დაპირება შეასრულა, თუმცა არსებობს პროექტები, რომელთა განხორციელებაც საჭირო თანხების უქონლობის გამო კონსტანტინე თავარაშვილმა ვერ შეძლო.  მათ შორისაა კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებებს შორის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა და “ახალბაღის” ტერიტორიიდან “გორიჯვრის” სალოცავამდე საბაგირო გზის მოწყობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“არსებობს ისეთი პროექტები, რომელთა განხორციელებაც ჩემი მერობის პერიოდში მინდოდა. მაგალითად მდინარე ლიახვზე ხიდის მშენებლობა, რომელიც ერთმანეთთან 2 დასახლებას, კომბინატსა და წმინდაწყალს დააკავშირებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, როგორც სტრატეგიულად, ისე მოსახლეობისთვისაც. ასევე სურვილი მქონდა, რომ “ახალბაღის” ტერიტორიაზე გამეკეთებინა საბაგირო გზა, რომელიც დაუკავშირდებოდა “გორიჯვრის” სალოცავს. დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ამის მშენებლობა, ვცდილობდით შესაბამისი სახსრების მოძიებას, მაგრამ წელს ეს ვერ მოხერხდა. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროექტები მომავალში აუცილებლად განხორციელდება”, – აღნიშნა გორის მერმა.