მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში ახლად აშენებული საბავშვო ბაღი მოინახულა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაღაროსკარის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მას შპს „მეტალ+“ აწარმოებდა. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 230 000 ლარს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. ჩატარდა შიდა და გარე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, გაკეთდა ცივი და ცხელი წყლის, გარე წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემა, ასევე, შესასვლელი კიბე, პანდუსი და სხვა. ამასთან, ეზოში მოეწყო საბავშვო-გასართობი კონსტრუქციები, ხოლო სათამაშო მოედანი დაიფარა კაუჩუკის საფარით. უახლოეს პერიოდში კი ბაღი შესაბამისი ინვენტარითაც აღიჭურვება.
„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ბავშვებზე ზრუნვა, მათთვის უკეთესი გარემოს შექმნაა. სწორედ ამიტომ მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით უკვე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა მაღაროსკარის საბავშვო ბაღი, სადაც პატარებს ამიერიდან გაუმჯობესებულ პირობებში მოუწევთ ყოფნა, რაც განსაკუთრებით მახარებს“, – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.
მაღაროსკარის საბავშვო ბაღში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, მერის წარმომადგენელი მაღაროსკარის ადმინისტრაციულ ერთეულში
კახა ბუთხაშვილი და საბავშვო ბაღის თანამშრომლები.
ცნობისათვის, მაღაროსკარის საბავშვო ბაღში ამჟამად 17 აღსაზრდელი ირიცხება.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.