გივი მიქანაძე: რადიკალური ოპოზიცია მრავალი მიმართულებით აწარმოებს აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას და ამ მიმართულებით სხვადასხვა მექანიზმი აქვს ჩართული

641

ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამ მხრივ სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას.

„ამ მხრივ სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული რადიკალური ოპოზიციის ქვეყნისთვის დამაზიანებელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ, რომლითაც მათ სურთ შეამზადონ სიტუაცია და შექმნან ფონი ვითომდაც 2 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, მან დამკვირვებელ ორგანიზაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ არჩევნების ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან.

“ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების ძირითად მიზანს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელება წარმოადგენს, რათა როგორც საერთაშორისო პარტნიორებსა და მოკავშირეებს, ისე ჩვენს საზოგადოებას წინასწარ შეექმნას აღქმა ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ვითომდაც „კანონდარღვევით“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიებისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, მათი უმრავლესობის მხრიდან ადგილი აქვს აღნიშნული „აღქმების“ გამოყენებას, ჩატარებული არჩევნების „გაყალბებულად“ წარმოჩენასა და საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რისი ნათელი გამოხატულებაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში განვითარებული დესტრუქციული მოვლენები.

შგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს წარვუდგინეთ ინფორმაცია და ვამხილეთ ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყვნენ კონკრეტულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებთან (ძირითადად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“). ცესკოს მიერ, მაშინ რეგისტრირებული 120 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 საჯარო წყაროებით იყო მხილებული, როგორც აფილირებული აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიებთან.

წელსაც ჩვენ განვახორციელეთ ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესწავლა, რის შედეგადაც 8 სექტემბერს რეგისტრირებული ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ დღეს ანგარიშს. აქვე ავღნიშნავთ, რომ ყველა მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულება წარმოადგენს საჯარო წყაროებით ხელმისაწვდომ ინფორმაციას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მან ჟურნალისტებს 8 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩამონათვალიც გააცნო, რომლებიც ოპოზიციური პარტიებთან არიან დაკავშირებულები.

მიქანაძის ინფორმაციით, ცესკო-ს მიერ რეგისტრირებულია 62 სადამკვირვებლო ორგანიზაცია, საიდანაც 15 არის ოპოზიციასთან აფილირებული. მისივე თქმით, 15 ორგანიზაციიდან 12 ორგანიზაცია “ნაციონალურ მოძრაობასთანაა” დაკავშირებული”, 3 კი “ევროპულ საქართველოსთან”.