ელისაშვილის თქმით, რიგგარეშე არჩევნებს დიდად არ გულშემატკივრობს

373

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებს დიდად არ გულშემატკივრობს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა.

“ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით გაზრდილია 31 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით. ობიექტურად რომ ვთქვათ, თუ რომელიმე პარტიას აწყობს ვადამდელი არჩევნები, ვართ ჩვენ. მაგრამ აწყობს თუ არა ეს ქვეყანას, ან ეს არჩევნები იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნების განმსაზღვრელი, ეს არის ცოტა არასერიოზული”, — თქვა მან.

მისი განცხადებით, ამას ობიექტური მიზეზი აქვს, კერძოდ, როგორც ელისაშვილი ამბობს, რეფერენდუმით თბილისის პრობლემებიდან ყურადღების გადატანა ხდება, რაც მათთვის გაუგებარია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს