კალაძე: ალბათ, რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს და იმიტომ არ აბარებენ ნარკოტესტს მერობის კანდიდატები

181

ნარკოტესტის ჩაბარება იყო ჩემი ინიციატივა, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ პასუხები, – განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.

ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს კახა კალაძეს ნარკოტესტებთან დაკავშირებით. „აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ კომპრომატი გიორგი გახარიაზე“, – ასეთი შეკითხვით მიმართეს კალაძეს ჟურნალისტებმა.

„უბრალოდ, ეს იყო ჩემი ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ, ვაჩვენოთ ტესტების პასუხები. განცხადებები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება, ყველა რეკრეაციული სივრცის განხორციელების დროს მაქსიმალურად ვცდილობ, შეიძლება იყოს პატარა სკვერი, შეიძლება იყოს დიდი პარკი, სადაც ჩნდება ფიტნეს ზონები; ახალგაზრდები და არამხოლოდ ახალგაზრდები, ყველა თაობის ადამიანი დაკავებულია ჯანსაღი ცხოვრების წესით და ამას ჩვენ, პოლიტიკოსებმა კიდევ უფრო მეტი ბიძგი უნდა მივცეთ, რომ უფრო პოპულარული და საინტერესო გავხადოთ ამ მიმართულებით.

მე არასდროს არ მიხსენებია გიორგი გახარია, მე ზოგადად, გავაკეთე განცხადება ამასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ წევრებმა ჩააბარეს პარლამენტში ტესტები, ვიდრე შევიდოდნენ. უბრალოდ, გასაკვირია, რატომ არ არის ეს მოთხოვნა მერებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამიტომ იყო ჩემი ინიციატივა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომ ზოგმა ჩააბარა ნარკოტესტი, ხოლო ვინც არ ჩააბარა, ისინი რას ცდილობენ ამით და რატომ არ აბარებენ, კალაძემ აღნიშნა: „არ ვიცი. ალბათ, რაღაც კითხვის ნიშნები არსებობს და იმიტომ არ აბარებენ, თორემ რა არის. ძალიან მარტივია, ხომ, ამის გაკეთება. ეს მათი გადასაწყვეტია“.

ამასთან, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კიდევ ერთ შეკითხვაზე კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „რა შუაშია გიორგი გახარია. რატომ გაქვთ გიორგი გახარიაზე ძირითადი აქცენტი. ხდება რამე? იცით რამე? ძალიან დიდი აქცენტი გაქვთ გიორგი გახარიაზე, თუ იცით რამე, გვითხარით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.