სენაკის 64-ე საოლქო საარჩევნო უბანთან ხმაურია. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
ადგილზე იმყოფებიან ენმ-ს საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები, მათი საარჩევნო შტაბის წევრები და სენაკის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. ისინი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. მათ კი ამის საშუალებას არ აძლევენ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ოცნებას” უბნები შეეშალა, საკრებულოს მაჟორიტარების სახელები და გვარები აერია, თუმცა სია მაინც დაამტკიცეს. მას შემდეგ, რაც ფაქტის შესახებ ოპოზიციისთვის გახდა ცნობილი, ოლქმა დალუქული სია გახსნა და კანდიდატებს საარჩევნო უბნები “ოცნების” სურვილისამებრ შეუცვალა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს დოკუმენტების გაყალბებას ნიშნავს და ახსნა განმარტებებს ითხოვენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კანდიდატების დაშინების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” დოკუმენტების გაყალბება დაიწყო. მათი თქმით, მომხდარით არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და შენობას ცოცხალი ჯაჭვი იცავს.