ვანის მერმა კორუფციასთან დაკავშირებულ კითხვებს არ უპასუხა და კაბინეტში ჩაიკეტა

365

წინა სტატია

ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, “ქართული ოცნების” კოორდინატორისთვის ბიუჯეტიდან თანხების ჩარიცხვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას არ უპასუხა და კაბინეტში ჩაიკეტა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. 

საქმე ეხება “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გოგორიშვილმა ვანის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში “ქართული ოცნების” შტაბის უფროსის, ბესიკ შუბლაძის კომპანიას ბიუჯეტიდან 155 000 ლარზე მეტი ჩაურიცხა.

ჟურნალისტები მერს ჰკითხეს – რატომ არ აცხადებს მერია ტენდერს და რატომ ურიცხავს მუნიციპალიტეტის პირველი პირი იმ კომპანიას თანხას, რომელიც “ოცნების” მხარდამჭერია, თუმცა კითხვის მოსმენის შემდეგ, ალექსანდრე გოგორიშვილი საკუთარი კაბინეტიდან აღარ გამოსულა.

რაც შეეხება ბესიკ შუბლაძეს, რომელსაც შპს “20-20” ეკუთნის, ის აცხადებს, რომ თანხას ნამდვილად იღებს, თუმცა “საქმეს აკეთებს”.

“სოფლის პროგრამები იყო და მივიღე მონაწილეობა. მაგ თანხებში იცით რა საქმეა გასაკეთებელი და რა კეთდება? რომ აქვეყნებენ ამას. ტენდერის გვერდის ავლით არაფერი მომხდარა და პირდაპირი ხელშეკრულებაც შეიძლება იყოს გაფორმებული მაგრამ რა საქმე კეთდება და რა უნდა გაკეთდეს იმ თანხებში იმას თუ აკვირდებიან?”, – თქვა ბესიკ შუბლაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ “ფლანგვის დეტექტორმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვანის სოფელ ამაღლების “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის, ბესიკ შუბლაძის შპს “20-20”-მა 116 000 ლარი უტენდეროდ, 39 500 ლარი კი უკონკურენტო ტენდერში მიიღო. ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ ვანის მერიამ მას ჯამში, 80 000 ლარი მისცა, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ 75 500 ლარი, ტენდერის გვერდის ავლით მიიღო.