გონიოში მოსახლეობის ნაწილმა მიწის დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

302

გონიოში მოსახლეობის ნაწილმა მიწის დაკანონების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.

შეკრებილების განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა, თუმცა მიწები კვლავ გაუფორმებელია.

“გასულ კვირაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უნდა შევხვედროდით, რომელსაც ჩვენი საკითხი საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა, თუმცა სამინისტროში მისულებს საერთოდ არავინ შეგვხვდა. ვითხოვთ საკარმიდამო ნაკვეთის დარეგისტრირებას, საჭიროა მხოლოდ ის, რომ სამინისტრომ გააუქმოს მიწებზე ზედდება და დოკუმენტაცია გადაიგზავნოს რეესტრში. მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ, უკვე აღიარა ჩვენი საკუთრება”, – აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

გონიოში აქციის მონაწილეებთან “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის საკრებულოში მამუკა კაკაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და მოსახლეობას დახმარებას შეჰპირდა.

“სამშაბათისთვის მინისტრი შეგხვდებათ და ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. ამის გარანტიას მე გაძლევთ”, – განუცხადა აქციის მონაწილეებს მამუკა კაკაბაძემ.