ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის ვიცემერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

578

რუსთავში, კოსტავას #4-ში, პარტია “გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის” ოფისი გაიხსნა.პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ რუსთავის ვიცე-მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ვიცემერობის კანდიდატი ირაკლი კუკანია, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი #3 საარჩევნო ოლქში კი ნიკა გაბათაშვილი იქნება.

“როგორც ყველა კვლევა ადასტურებს, რუსთავშიც ერთ-ერთი მოწინავე პრობლემაა სიღარიბე და უმუშევრობა. უმუშევრობის დასაძლევად ბევრი სხვადასხვა პრობლემაა აღმოსაფხვრელი, რაზეც სამუშაოა, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, მყისიერად რომ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა და მივიღოთ შედეგი, არის პრივატიზაცია, ზოგადად, პრივატიზაცია არის ჩემი მიმართულება, მიზანი და ყველაფერი, რაშიც მინდა, რომ მთელი ჩემი რესურსი ჩავდო. პრივატიზაციაში  ვგულისხმობ არა იმ სახით, რაც უკვე განხორციელდა, არამედ სახალხო პრივატიზაცია, რომელიც თითოეულ მოსახლეზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. როგორ მოხდება და რა მეთოდით, ამაზე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა ირაკლი კუკანიამ.

“შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე გირჩს ყველაზე მეტი ხხმა ჰქონდა მე-3 ოლქში, შესაბამისად, ავირჩიეთ ეს ოლქი. მე თავად ამ ოლქში დაბადებული და გაზრდილი ვარ და მგონია, რომ მაქვს რეალური შანსი, ღირსეულ კონკურენციაში შევიდე ქართული ოცნების კანდიდატთან და გავიმარჯვო. ჩემი პირადი მიზანი და ამოცანაა, რომ ამ კამპანიის განმავლობაში, არჩევნებამდე რაც შეიძლება მეტად მივაწვდინო ადამიანებს ხმა და ვუთხრა, რომ მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც საკრებულოში იბრძოლებს და იქიდან გამოიტანს იმ ინფორმაციას, თუ რაში იხარჯება ჩვენი ფული”, – აცხადებს ნიკა გაბათაშვილი.

ოფისის გახსნასა და კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა საერთო ოპოზიციური რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე.