ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკური პარტიების ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცესის გაჯანსაღების მიზნით დღევანდელ სხდომაზე 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებს. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს ცესკო-ს სხდომაზე განიხილება საკითხი, რომლის თანახმადაც პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ პარტიულ სიებს, რომლებშიც კანდიდატთა რაოდენობა საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა, რეგისტრაცია შესაძლოა არ გაუუქმდეთ, გარდა იმ შემთხვევებისა თუ: რეგისტრირებულ კანდიდატს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას; რეგისტრირებულ კანდიდატს საარჩევნო რეგისტრაციის შემდგომ შეეზღუდა პასიური საარჩევნო უფლება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინა საარჩევნო კომისიას; რეგისტრირებული კანდიდატი, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-12 დღისა, კანონით დადგენილი წესით, გაიწვია მისმა წარმდგენმა პარტიამ.