საბა ბუაძე: 2020 წლის მონაცემებით, თბილისის მერიაში უკონკურსოდ 674 ადამიანი დასაქმდა, რომელთა პრემია-დანამატებზე 9 მილიონი ლარი დაიხარჯა

356

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, 2020 წლის მონაცემებით თბილისის მერიაში უკონკურსოდ 674 ადამიანი დასაქმდა, რომელთა პრემია-დანამატებზე ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარი დაიხარჯა.

როგორც ბუაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ადამიანები კანონის უხეში დარღვევით საქმდებიან, რადგან შტატგარეშედ ადამიანების დასაქმება დროებით, არამუდმივი ფუნქციების შესასრულებლად უნდა ხდებოდეს, მაგრამ, „ქართულ ოცნებას“ ისინი სამსახურში თავისი მმართველობის ვადით აჰყავს და „სასათბურო პირობებს უქმნის“.

,,დღეს გვინდა გამოვეხმაუროთ და გაგაცნოთ ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სვეტი რომელზეც დგას „ქართული ოცნება“ და კახი კალაძის ადმინისტრაცია თბილისში. გაგაცნობთ მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია თბილისის მერიაში და საკრებულოში კონკურსის გარეშე ადამიანების დასაქმებასთან. გაჩვენებთ ციფრებს, რომელიც ბოლო წლის კალაძის მმართველობასთან არის დაკავშირებული და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, 674 ადამიანი არის კონკურსის გარეშე დასაქმებული თბილისის მერიაში, 130-მდე თბილისის საკრებულოში და ჩვენი ჯიბიდან გარდა იმისა, რომ მოხდა მათი პოლიტიკური მიზნებით დასაქმება, 9 მილიონი ლარი გადაუხადა თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ამ ადამიანებს და თბილისის საკრებულოს ბიუჯეტიდან 1.9 მილიონი ლარი, ეს მხოლოდ შტატგარეშე მოსამსახურეების პრემიებზე და დანამატებზე. თუ „ქართული ოცნება“ რამეს ეყრდნობა ამ არჩევნებისთვის ეს არის საბიუჯეტო რესურსების ხარჯზე მერიის და საკრებულოს სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები. პარტიული აქტივი, ნათესავები და „ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანები საქმდებიან კანონის მოთხოვნით უხეში დარღვევით იმიტომ, რომ შტატგარეშედ ადამიანების დასაქმება უნდა ხდებოდეს დროებით, არამუდმივი ფუნქციების შესასრულებლად. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ ეს ადამიანები აჰყავს თავისი მმართველობის ვადით, უქმნის სასათბურე პირობებს, უხდის წელიწადში 10-15 მილიონ ლარს ჩვენი ბიუჯეტიდან და ჯამში ამ თანხამ ბოლო 3 წლის განმავლობაში მხოლოდ მერიის მაგალითზე 26 მილიონ ლარს მიაღწია “, – აღნიშნა საბა ბუაძემ.

ბუაძემ ბრიფინგზე ასევე თბილისის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მიერ განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი შეფასებით, მმართველი გუნდის წევრები უკულტუროდ იქცევიან და „საკუთარ თავს გვაჩეჩებენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე“.

„ქართული ოცნების“ ბანერების პოლიტიკა ერთი ფრაზით რომ შევაფასოთ ეს არის – „უნახავმა რა ნახაო“, ამ ადამიანებს საკუთარი პერსონალური კომპლექსების გამო დაკარგული აქვთ პოლიტიკური კულტურა და უნდათ, რომ საკუთარი სახე ყველგან იყოს, ყველა ავტობუსის გაჩერებაზე, ბანერზე თუ ბილბორდზე. უკულტუროდ იქცევიან და საკუთარ თავს გვაჩეჩებენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე“, – განაცხადა საბა ბუაძემ.