გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე და კასპის მუნიციპალიტეტის მოქმედ მერს და ამავდროულად, მმართველი გუნდის კანდიდატს კონფლიქტი მოგვიხდა და ერთმანეთს ვცემეთ, არის სრული აბსურდი, – ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსთან” მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა მანუჩარ მერებაშვილმა განაცხადა.
კასპის მოქმედ და ყოფილ მერებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ,,ქართული ოცნების” კასპის ოფისშიც.
,,აბსურდია, უფრო მეტიც, სისულელეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჩემსა და კასპის მოქმედ მერს და ამავდროულად ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კანდიდატს ვახტანგ მაისურაძეს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ერთმანეთს ვცემეთ, კამათიც კი არ მოგვსვლია. ერთი კვირის წინ შევხვდი შემთხვევით, დავილაპარაკეთ და წარმატება ვუსურვე, მე და ვახტანგ მაისურაძეს ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვფიქრობ, ამ აბსურდულ ინფორმაციას ის პოლიტიკური ძალები ავრცელებენ, ვისაც ,,ქართული ოცნების” და მისი მერობის კანდიდატის – ვახტანგ მაისურაძის დაზარალება სურს. ერთადერთი, რასაც შეიძლება უკავშირდებოდეს კონფლიქტსა და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია არის პოლიტიკური მოტივი და არჩევნები”, – განაცხადა მანუჩარ მერებაშვილმა.