განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გრანტები გადაეცემათ

510

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება.

“საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 6 სექტემბრიდან – 6 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. განაცხადების მიღება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ.N20; ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@idp.gov.ge

პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის დეპარტამენტს – 032 2 14 02 41; 032 2 14 02 43“, – ნათქვამია ინფორმაციაში.