დავით კირკიტაძე: ყველა რუსთაველი მიიღებს მიწას პირველ 100 დღეში და დაიკანონებს ავტოფარეხს

258

რუსთავის მერობის კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ამომრჩეველს გააცნო „პირველი ასი დღის“ მოქმედების გეგმა, რომელიც, მის მერად არჩევის შემთხვევაში, ითვალისწინებს მოსახლეობისათვის ავტოფარეხების დაკანონებას და, სულადობის მიხედვით, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას.

„პირველ ას დღეში ყველა რუსთაველს ვპირდები, რომ, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, დავუკანონებთ ავტოფარეხებს. ასევე, რუსთავის გარშემო არსებული მიწის რესურსიდან, თითოეულ რუსთაველს სულადობის მიხედვით გადავცემთ 600 და 900 კვ.მ მიწის ნაკვეთებს. ასეთი პრაქტიკა რუსთავში არსებობდა და მოქალაქეების ნაწილს მიღებული აქვს. ამასთან, მოვაწყობთ შესაბამის საცხოვრებელ გარემოს, მივიყვანთ წყალს, გაზს, ელექტროენერგიას, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას. მესამე და მნიშვნელოვანი: ყველა რუსთაველს, ვისაც მფლობელობაში აქვს გარკვეული საკუთრება, რომელიც არ აქვს დაკანონებული, სამეზობლოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე კორპუსის ინტერესებიდან გამომდინარე, დავუკანონებთ და საკუთრებაში გადავცემთ. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, რუსთაველებს გაუჩნდებათ კერძო საკუთრება, რითაც ისინი ოდნავ მაინც შეიმსუბუქებენ იმ მძიმე ყოფას, რაშიც ისინი იმის გამო არიან, საქართველოს ხელისუფლება არცერთ მათგანზე არ ზრუნავს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მოხალისეები აღრიცხვენ, ვის რა საჭიროება აქვს: ვის ესაჭიროება ავტოფარეხის დაკანონება, ვის 600 და 900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, ვის აქვს რაიმე სახის ფლობაში ქონება და არ აქვს დაკანონებული.

„გარწმუნებთ, ჩემი მერობის პირველივე 100 დღეში გადავცემთ რუსთაველებს. რამოდენიმე დღის წინ ჩემმა კონკურენტმა გაიგო იმის შესახებ, რასაც ჩვენ ვაპირებდით და განაცხადა, რომ დაპირება ავტოფარეხების დაკანონებაზე შეუძლებელია. გარწმუნებთ, ალბათ, არ იცის, რომ არსებობს რამოდენიმე ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია საკუთრებაში გადავცეთ ადამიანებს ავტოფარეხი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს – ქონება, რომელიც შენს მფლობელობაშია, სახელმწიფო ვალდებულია დაგიკანონოს. ასევე, ადგილობრივი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.