მარნეულის მერია წერეთელში სარწყავი არხის რეაბილიტაციას 908 983 ლარად გეგმავს

306

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა სოფლე წერეთელში არსებული სარწყავი არხის რეაბილიტაციას გეგმავს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ წერეთელში სარწყავი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ტენდერი 27 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

„სოფელ წერეთლის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მოსარწყავად არსებული სარწყავი სისტემების დებეტი არაა საკმარისი, შესაბამისად დამკვეთისგან მივიღეთ დავალება შეგვერჩია დამატებითი წყლის რაოდენობის მისაღებად ოპტიმალური ვარიანტი ტრასირებისთვის. სარწყავი წყლის აღება უნდა მომხდარიყო ხრამ არხიდან. საპროექტო მიმართულებით ამჟამად არსებობს გრუნტის არხი, რომელიც არაჯეროვნად ამარაგებს სოფ.დიოკნისს და სამხედრო აეროდრომის ტერიტორიას, არხის გეომეტრიული პარამეტრები არაერთგვაროვანი და დარღვეულია (კვეთი, გრძივი პროფილი, გეგმა..) კალაპოტი ბალახის საფარითაა დაფარული რაც აფერხებს წყლის გადაადგილების სიჩქარეს, ასევე ხდება სარწყავი წყლის გაწოვა გრუნტში, ყველაფერი ეს კი უარყოფითად აისახება საბოლოო შედეგზე. პროექტის დასრულების შემდეგ ახალი არხის ნაწილი 1.5 კმ მოემსახურება როგრც სოფ.წერეთლის ასევე სოფ,დიოკნისის მიმართულებას,“ – აღნიშნულია სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროექტში.

მარნეულის მერია წერეთლის სარწყავი არხის რეაბილიტაციას 908 983 ლარად გეგმავს. ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები 15-დან 20 სექტემბრამდე პერიოდში უნდა წარადგინონ. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სარწყავი არხის რეაბილიტაცია 150 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს.