რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ამოქმედდა

372

რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ამოქმედდა. მოქალაქეებს აცრის საშუალება დღეიდან ავტობუსებში მოწყობილ ცენტრებში, ქალაქის 3 ადგილზე ექნებათ.

ამცრელი პუნქტები დილის 10:30 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე იმოქმედებს.

ავტობუსებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, “სინოვაკისა” და “ფაიზერის ვაქცინით აიცრან.

ამცრელი პუნქტების მოწყობის პროცესს პირადად გაეცნო რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება ქალაქში ვაქცინაციის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იქნება მიღებული.

“სტატისტიკური მაჩვენებელი აცრის მსურველებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა იმ 5 ლოკაციისა, სამედიცინო დაწესებულებებისა, რომლებშიც ხდება ვაქცინაცია, მოხდა აღჭურვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, სადაც მოსახლეობას შეუძლია ჩაიტაროს იგივე პროცედურა, რაც სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. აქ გვაქვს ჯერჯერობით, პირველადი სტატისტიკური მონაცემებით მოთხოვნა რაზეც მაღალია, სნოვაკისა და ფაიზერის ვაქცინები, შემდგომ თუ ვთქვათ მოთხოვნა სხვადასხვა ვაქცინებზე გაიზრდება, მოხდება დამატება”, – განაცხადა ტაბაღუამ.

ავტობუსებში ვაქცინაცია დღეს შესაძლებელი იქნება:

ჭყონდიდელის დასახლებაში, სუპერმარკეტ “მადაგონის” მიმდებარე ტერიტორიაზე;

მე-19 მიკრორაიონში, სუპერმარკეტ “მადაგონის” მიმდებარე ტერიტორიაზე;

მე-12 მიკრორაიონში, 23-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, მოძრავი ვაქცინაციის პუნქტების პროექტი უკვე მოქმედებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

თბილისში, დღის განმავლობაში, 1 ავტობუსში საშუალოდ 100-მდე პირი იცრება.