კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა

208

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარადგინა.

კახა კალაძემ კანდიდატებს მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში წარმატებები უსურვა.

„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები ჩვენი გუნდის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას, მივესალმები თბილისს და თბილისელებს.

2 ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი თვე რჩება და მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია მაქსიმალურად პროდუქტიულად წარვმართოთ, აქტიურ კომუნიკაციაში ვიყოთ საზოგადოებასთან, გავაცნოთ ჩვენი გეგმები, პროგრამა და პროექტები, გავაცნოთ საკრებულოს წევრობის კანდიდატები, ვინც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ჩემთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული თბილისის აღმშენებლობაში.

გარწმუნებთ, საკრებულოში ჩვენი გუნდი პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული, ადამიანებით, ვისაც უყვარს თავისი ქალაქი და ერთგულად ემსახურება მას.

თბილისისა და თითოეული თბილისელის წინაშე, ამ ადამიანებს საპასუხისმგებლო მისია ექნებათ შესასრულებელი!

ჩვენ მიერ დაგეგმილი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, შვიდივე პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესება, შეუძლებელი იქნება კვალიფიციური, ერთგული გუნდის გარეშე ქალაქის საკრებულოში.

მხოლოდ მე, მხოლოდ მერია ვერ შეძლებს იმ დიდი მიზნების მიღწევას, რომლებიც დასახული გვაქვს, ამიტომ, აუცილებელია მხარი დავუჭიროთ „ქართული ოცნების“ საკრებულოს სიას, მხარი დავუჭიროთ ამ ადამიანებს, რათა საკრებულოში გვქონდეს მყარი უმრავლესობა და ახალი ენერგიით შევუდგეთ ჩვენი ქალაქის მომავლის შენებას, ჩვენი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას.

არავის აქვს უფლება თბილისის ინტერესები პოლიტიკურ პოლემიკას შესწიროს, ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ თბილისის საკრებულო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელოვნური ბარიერების შესაქმნელად, ჩვენი ქალაქის განვითარების შესაფერხებლად გამოიყენოს.

დარწმუნებული ვარ თბილისელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, აირჩევენ ჩვენი ქალაქის მომავალს, აირჩევენ განვითარებას, მხარს დაუჭერენ ჩემს გუნდს საკრებულოში და იმ გზას, რომელსაც 2017 წელს დავადექით და რომლის შედეგად თბილისი დღეს ბევრად მწვანე, კომფორტული, ლამაზი და ჯანსაღი ქალაქია.

წინ კიდევ უფრო დიდი საქმეები გველის, საქმეები, რომელიც სწორედ ამ ადამიანებთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით და ჩართულობით უნდა გავაკეთოთ.

ჩვენი სლოგანია მეტი სიცოცხლე ყველა უბანში და მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ის სიკეთე, რასაც ვქმნიდით, ვქმნით და მომავალში შევქმნით, ქალაქის მასშტაბით, თითოეულ უბანში, თითოეულ ადამიანამდე მივიდეს.

და ამ საქმეში, დღეს წარმოდგენილი ადამიანების როლი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატებს:

1. ჩვენი სიის პირველი ნომერია, საკრებულოს იურიდიული კომისიის მოქმედი თავმჯდომარე, კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, ლევან ჟორჟოლიანი. ლევანი არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა ასაკში მიიღო ასეთი დიდი გამოცდილება და გამოირჩე მაღალი პროფესიონალიზმით, საკუთარი ქალაქის და მოქალაქეების სამსახურში.

2. მეორე ნომრად წარმოგიდგენთ ოთარ გრიგოლიას, რომელიც საკრებულოში ჩვენი გუნდის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარეა. ოთარს განათლება მიღებული აქვს სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. ოთარ გრიგოლია ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია.

3. ჩვენი სიის შემდეგი წევრი გახლავთ თინათინ ნიბლოშვილი, ადამიანი, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი გუნდის ერთგული წევრია. თინა წლების განმავლობაში უძღვებოდა თბილისის საკრებულოს სიმბოლიკისა და სახელდების კომისიას. მან ძალიან ბევრი გააკეთა თბილისის სიმბოლიკის შესაქმნელად, ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეების სახელების უკვდავსაყოფად და სწორედ მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ათობით თბილისის ქუჩის სახელდება. დღეს ის თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეა და ამ საქმესაც ძალიან ღირსეულად ართმევს თავს.

4. სიის მეოთხე ნომერია გიორგი ჩაკვეტაძე, გლაზგოს უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი, 2017 წლიდან – საკრებულოს წევრი, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. გიორგი წლებია აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, გამარჯვების შემდეგ, ახალი ენერგიით განაგრძობს საკუთარ საქმიანობას საკრებულოში.

5. ჩვენი სიის მეხუთე ნომერს დიდი წარდგენა არ სჭირდება, რადგან მას, როგორც ჩვენი ქალაქის მოამაგე ადამიანის განსაკუთრებით კარგად იცნობენ თბილისელები. ნიკო კახეთელიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. ის გამორჩეული კვალიფიკაციის კადრია, რომელიც განსაკუთრებით კარგად იცნობს ჩვენს ქალაქს, თბილისის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. დარწმუნებული ვარ, მის დიდ ცოდნასა და გამოცდილებას ამ პრობლემების მოგვარებას მოახმარს.

6. წარმოგიდგენთ ჩვენი გუნდის კიდევ ერთ ახალგაზრდა, მაგრამ ამავდროულად გამოცდილ წევრს, ნინო ვარდოსანიძეს. ნინო იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრია, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი, ჩვენი გუნდის ერთგული წევრი. ნინო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, დღეს კი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანაშემწეა. წარმატებას ვუსურვებ მას და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისისა და თბილისელების საკეთილდღეოდ, ძალასა და ენერგიას არ დაიშურებს“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატებად ასევე წარდგენილი არიან: 7. აკაკი ალადაშვილი; 8. გიორგი ახვლედიანი; 9. ნინო რუხაძე; 10. ლევან აბაშიძე; 11. გურამ ოქროპირიძე; 12. ანა კაკაბაძე; 13. ვლადიმერ ბოჟაძე; 14. ალექსანდრე ხუჯაძე; 15. მარიამ ზაქარიაშვილი; 16. ლევან დავითაშვილი; 17. შალვა ოგბაიძე; 18. ნათია მოდებაძე; 19. ლევან არველაძე; 20. არჩილ გოდულაძე; 21. ანა კილაძე; 22. გიგა ბრეგვაძე; 23. თათია ჩახვაშვილი; 24. ვიტალი ონიანი; 25. მარიამ გელაშვილი.