დღეს ეკონომიკის სამინისტროს სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” ტურიზმის სექტორის თანადაფინანსების ახალი პროგრამა წარადგინა. თანადაფინანსების ახალი მექანიზმით, ისარგებლებენ ეკო-ტურიზმისა და აგრო ტურიზმის ობიექტები, მათ შორის ფერმერული მეურნეობები, რესტორნები და 10 ნომრამდე მოცულობის სასტუმროები.
“აგრო-ტურისტული ობიექტებად განისაზღვრა ფერმერული მეურნეობა, რომელიც განკუთვნილია ტურისტის მისაღებად და საკუთარი წარმოებული პროდუქტის გამოყენებით სტუმარს სთავაზობს ჩამოთვლითანგან მინიმუმ ერთ მომსახურებას: კვებითი მომსახურება; განთავსება; საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული აქტივობები.
ხოლო ეკო-ტურისტული ობიექტებად განისაზღვრა ტურისტული ობიექტი, რომელიც გარემოზე ზეგავლენის მინიმალიზაციით და ცოცხალი კულტურის შენარჩუნებით სტუმარს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიც არის: რეგიონისთვის სახასიათო საცხოვრებელი არქიტექტურის განთავსება (10 ნომრამდე); საოჯახო ტიპის ეთნო-გასტრონომიული კვების ობიექტი, სადეგუსტაციო და დამხმარე ინფრასტრუქტურით; ტრადიციული რეწვის საგანმანათლებლო სახელოსნო; რამოტორიზებული ტიპის გადაადგილების საშუალების გაქირავების სერვისი.
მოცემული პროგრამის ბენეფიციარებს ტურიზმის ეროვნული სააგენტო გაუწევს მარკეტინგულს მხარდაჭერას, კერძოდ მათ ეძლევათ საშუალება გაიარონ ადგილობრივი და საერთაშორისო ინფო-ტური; მიიღონ ხელშეწყობა პერსონალის გადამზადებაში; დაუფინანსდეთ ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა.
ზემოხსენებული პროგრამა თავის მხრივ მოიცავს ლიზინგის, სესხის და საერთაშორისო ბრენდის გადასახადის თანადაფინანსებას. მეწარმე სუბიექტისთვის სააგენტო ახორციელებს დამტკიცებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას, დამტკიცებული სესხის ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, (ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%) და ამავდროულად სესხის ძირის არაუმეტეს 60%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.
პროგრამაში მოცემულია ის ეკონომიკური საქმიანობები (და ასევე აგრო/ეკო ტურიზმის მიმართულებაც) რომელთა ფარგლებში სესხის გაცემის შემთხვევაში მსესხებელი უფლებამოსილია ისარგებლოს დამატებით საგრანტო კომპონენტითაც, რომლის ფარგლებშიც გრანტის მოცულობაა დამტკიცებული სესხის/სალიზინგო პროექტის 15%, არაუმეტეს 500 000₾.
სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000₾, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებების შესაძენად
ყველა ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს სამეურნეო/ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობებში შშმ პირების შეუფერხებელი დაშვება პანდუსების ან/და მსგავსი საშუალებების გამოყენებით,”- ნათქვამია “აწარმოე საქართველოშის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯერჯერობით, უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი იქნება პროექტის ბიუჯეტი და შესაბამისად, რამდენ ბიზნესს შეეძლება მისი გამოყენება.