პარტია “საქართველოსთვის” სახელით არჩევნებში მონაწილეობა ქუთაისის „ტორპედოს“ მწვრთნელმაც გადაწყვიტა

342

პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვა კიდევ ერთმა ცნობილმა სპორტულმა ფიგურამ გადაწყვიტა – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი დათანხმდა.

ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ ქუთაისის ბიუროს გვერდმა გაავრცელა, სადაც წერია, რომ ბაგრატის ტაძრის ეზოში ამომრჩევლებთან შეხვედრა გიორგი გახარიას პარტიამ („საქართველოსთვის“) გამართა.

შეხვედრაზე პარტიამ ქუთაისის პარტიის მე-3 ნომრად ქუთაისური კლუბის მთავარი მწვრთნელი კახაბერ ჩხეტიანი წარადგინა.

„ქუთაისის ბაგრატის ტაძრის ეზოში გაიმართა თემატური შეხვედრა თამუნა ნიკოლეიშვილთან, კახაბერ ჩხეტიანთან და გიორგი გოგუაძესთან ერთად. შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის, ბაღდათისა და წყალტუბოს ახალგაზრდები, ქუთაისის გუნდის წარმომადგენლებმა მათთან ჯანსაღ ცხოვრებზე და სპორტზე ისაუბრეს. დისკუსიის ფორმატით განიხილეს სპორტის გამოწვევები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“, – წერია „ქუთაისი საქართველოსთვის“ განცხადებაში.

ეს შემოდგომაზე გასამართ არჩევნებში ცნობილი სპორტული ფიგურების ჩართვის პირველი შემთხვევა არაა – „ქართულმა ოცნებამ“ ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე წარადგინა, ხოლო ბათუმში სიის პირველი ნომერი ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მეკარე ასლან ბალაძეა.