რა დარღვევები და პრობლემები გამოვლინდა 1 ივლისიდან 31 აგვისტომდე – “გამჭირვალობის” წინასაარჩევნო ანგარიში

357

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი 3 აგვისტოდან დაიწყო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პერიოდული განახლების რეჟიმში წარმოგიდგენთ 1 ივნისიდან გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებსა და პრობლემურ საკითხებს.

გამოვლენილი დარღვევები და პრობლემები:

1 ივნისი – 31 აგვისტო

  • 31 აგვისტოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 500-მე სამხედრო მოსამსახურის ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ბინა.

  • 30 აგვისტოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 300-მდე დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული ფართი სიმბოლურ ფასად გადაეცემა.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

  • 27 აგვისტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზასთან მცხოვრებ 100-მდე ოჯახს, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფენ უსაფრთხო ადგილზე საცხოვრებელი სახლებით.

ფოთის ამ უბანში მცხოვრები ადამიანები მძიმე პირობების გამო წლებია ითხოვენ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს, ამ გადაწყვეტილების წინასააარჩევნო პერიოდში მიღების მიზანი საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე ამომრჩეველთა გულის მოგებაა. ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს.

  • 26 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედმა” პარტია „ევროპულ საქართველოს” წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე იმ საფუძვლით უთხრა უარი, რომ ვიდეორგოლი სიძულვილის ენის ტირაჟირებას ახდენდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აზრით, რეკლამაში სიძულვილის ენის ტირაჟირება არ იკვეთება და ტელეკომპანიას უფლება არ ჰქონდა მის განთავსებაზე უარი ეთქვა.

  • 25 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის“ კოორდინატორმა სამცხე–ჯავახეთში, ლევან თათოშვილმა ჩაატარა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, მის დედას და დეიდას (ორივე საჯარო სამსახურში მუშაობს) სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა. იმავე დღეს ლევან თათოშვილის დედა და დეიდა სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ბრძანება გათავისუფლების საფუძვლების შესახებ არანაირ დასაბუთებას არ შეიცავს.

პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელის გათავისუფლება აკრძალულია და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

  • 17-18 აგვისტოს ამბროლაურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერთ დღეს შეხვდა მუნიციპალიტეტში დასუფთავების, კეთილმოწყობის და წყალმომარაგების სფეროს წარმომადგენლებს, ხოლო მომდევნო დღეს – მუნიციპალიტეტში კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს.

საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ პუნქტის მიხედვით წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით იკრძალება საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა სამსახურეობრივი ნიშნით შეკრება, დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2,000 ლარის ოდენობით. მომხდართან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საჩივრებით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დავას სასამართლოში გააგრძელებს.

  • 22 აგვისტოს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გავიდა სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანიას წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფინანსური შემოწირულებების განხორციელება. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა.

ასეთ მოკლე დროში ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა ადგილი ქონდეს შემომწირველებზე ზეწოლას ან მესამე პირის მეშვეობით გაღებულ შემოწირულებას, რაც წარმოადგენს, როგორც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულს, ასევე, პარტიების დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევას. ამ შემთხვევაზე უფრო ვრცლად იხილეთ „საერთაშორის გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

  • 17 აგვისტოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციიდან გაათავისუფლეს თეიმურაზ გვრიტიშვილი. მისი განცხადებით, გათავისუფლების მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ წევრის კოტე ანანიაშვილის მხარდამჭერი აქტივობა, რაზეც მას გათავისუფლებამდე არაერთხელ მიუთითეს, მათ შორის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით იოსებაშვილმა.

პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოხელის გათავისუფლება აკრძალულია და ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, ეს შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

  • 16 აგვისტოს ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ შეხვედრა გამართა სამედიცინო სფეროს წარმომადენლებთან.

საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ პუნქტის მიხედვით წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით იკრძალება საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა სამსახურეობრივი ნიშნით შეკრება. მოგვიანებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თალაკვაძემ შეხვედრა გამართა კერძო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომლებზეც ზემოაღნიშნული ნორმის შეზღუდვები არ ვრცელდება, თუმცა იქვე თავადვე დაადასტურა, რომ შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამედიცინო დაწესებულების რამდენიმე წარმომადგენელიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ფაქტთან დაკავშირებით საჩივრით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომლის წარმოების ფარგლებშიც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უარყო თანაპარტიელის ბრიფინგზე ნათქვამი და განაცხადა, რომ შეხვედრა მხოლოდ კერძო სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შედგა. საოლქო კომისიას არ განუხორციელებია არანაირი ქმედება ფაქტების დადგენის მიზნით, პირდაპირ დაეყრდნო მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და ამ საფუძვლით საჩივარი არ დააკმაყოფილა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” დავას სასამართლოში გააგრძელებს.

  • 11 აგვისტოს თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გლდანის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.
  • 26 ივლისს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება 1 სექტემბრიდან დაიწყება.
  • 26 ივლისს პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც საშემოდგომო რთველის დაფინანსება 38 მილიონი ლარიდან 138 მილიონამდე გაიზარდა..

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

  • 20 ივლისს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წარდგენის დასპონსორებული ვიდეორგოლი გააზიარა, რომლის სარეკლამო თანხა, ფეისბუქის თანახმად, საქართველოს მთავრობის გვერდის მიერ იყო გადახდილი.

ეს ქმედება წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების აშკარა არამიზნობრივ, კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ ხარჯვას. ქმედება შესაძლებელია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად ან ბოროტად გამოყენებად შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულებია.

  • 25 ივნისს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იწყება ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს საცხოვრებელი ბინის შეძენის ხელშეწყობის მიზნით ოჯახებისთვის ახალშეძენილ შვილზე იპოთეკური სესხის თანადაფინანსებას. პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
  • 24 ივნისს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ინიციატივა, რომლის თანახმადაც მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაკისრებული დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელი ჯარიმები ჩამოეწერებათ.
  • 23 ივნისს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 მრავალშვილიან ოჯახს ბინები საკუთრებაში გადასცა.
  • 16 ივნისს ქუთაისსა და ზუგდიდში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ,  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადასცეს. დამატებით, დევნილ ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა ადმინისტრაციული დაპირება მიიღო, რომლის თანახმადაც, ისინი საცხოვრებელ ფართებს ქუთაისსა და ზუგდიდში უახლოეს მომავალში უპირობოდ მიიღებენ.

ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მსგავსი ტიპის ახალი სახელმწიფო პროგრამების ინიცირება არ მოხდეს, რადგან ამით სახელისუფლო კანდიდატი/პარტია გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სერიოზულ უპირატესობას იღებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები საარჩევნოდ მოტივირებულ საბიუჯეტო ხარჯვად შეიძლება შეფასდეს.

  • 11 ივნისს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საქპატენტის თავმჯდომარე მინდია დავითაძე. დავითაძის განცხადებით, მისი გათავისუფლების მიზეზი ის იყო, რომ იგი ოპოზიციაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ იყო თანამდებობაზე დანიშნული. დავითაზე ამჟამად პარტია „საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერია.

მინდია დავითაძის შრომით უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს, ვინაიდან, მიგვიჩნია, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება დაუსაბუთებელია.