“პლაკატების ჩამოხევა ვანდალიზმია და პარტიამ საგამოძიებო უწყებას უნდა მიმართოს, ხოლო ფაქტების გარეშე ხელისუფლებისთვის მსგავსი ქმედებების გადაბრალება არაკომპეტენტურობისა და უვიცობის მაჩვენებელია,”-ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ზუგდიდის შტაბის საზოგადოებასთან და მედიასთან სამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტიის ბანერის ჩამოგლეჯვაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
ზუგდიდში, რუსთაველის 84 ნომერში მდებარე “ევროპული საქართველოს” ოფისში პარტიის სარეკლამო ბანერი ჩამოგლიჯეს. როგორც “ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურია imedinews-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, ბოლო დღეების განმავლობაში პლაკატების ჩამოხევა ინტენსიურად ხდება. ის მომხდარში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედი