ღარიბაშვილი: მე დავავალე თითოეულ მერს, მაქსიმალურად დაიხარჯონ ჩვენი მოსახლეობისთვის

720

პრემიერმა მერებს დაავალა! დიახ, დიახ, პრემიერმა, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებაში მთავრობის მეთაურია, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს – მერებს (თუმცა კი, ჯერ მხოლოდ მერობის კანდიდატებს) დაავალა. მერე რა, თუ ეს ე.წ. დავალება შესაძლოა, პოზიტიურიც კი იყოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ თვითმმართველობის არჩევნების კამპანიაში ჩართულ პრემიერს, ტრადიციულად, თვითმმართველობის არსი არ ესმის, არ აცნობიერებს, რომ, მისი და მერობის კანდიდატთა საერთო პარტიული კუთვნილების მიუხედავად, მთავრობის მეთაური მერების/მერობის კანდიდატების უფროსი არაა და მათთვის არც დავალების (თუნდაც პოზიტიური და სასიამოვნოდ მოსასმენის) მიცემის უფლება კანონით არ აქვს.

ასევე, წაიკითხეთ: ღარიბაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალური მთავრობის გარეშე “დიდ საკითხებს” ვერ მოაგვარებს

დემოკრატიულ სამყაროში ხელისუფლება მხოლოდ ჰორიზონტალურად (საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად) არ იყოფა, ის ვერტიკალურადაც ნაწილდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. ეს ძალაუფლების გადანაწილების აუცილებელი პირობაა, ამიტომაც მთავრობა თვითმმართველობის საქმიანობაში არ ერევა და არც თვითმმართველობა შეჰყურებს ცენტრალურ ხელისუფლებას, როგორც მარჩენალს.

მაგრამ ეს ხომ დემოკრატიულ სამყაროში ხდება, საქართველოში კი ხელისუფლების განაწილების ეს პრინციპი მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მუხლებია, რომლის ფორმალურ დაცვას მაინც პრემიერი არც კი ცდილობს.

ასევე, წაიკითხეთ: ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის ფულით დაფინანსებული პროექტებით თვითმმართველობას აძლიერებს

“მე დავავალე თითოეულ მერს, მაქსიმალურად დაიხარჯონ ჩვენი მოსახლეობისთვის”, – თქვა პრემიერმა და მერობის კანდიდატმაც, რომლის წარგენაზეც მთავრობის ხელმძღვანელმა თეთრიწყაროში ეს ფრაზა წარმოთქვა, თანხმობისა და მორჩილების ნიშნად, კვერი დაუკრა.

თუმცა, ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ 2021 წლის არჩევნებამდე 2017 წელს არჩეულ მერთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილს არც მიუღწევია – ისინი პარტიამ გზადაგზა ჩამოიშორა. არავინ იცის, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, მიაღწევს კი თვითმმართველობის მომდევნო არჩევნებამდე?!