ღარიბაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალური მთავრობის გარეშე “დიდ საკითხებს” ვერ მოაგვარებს

564

“ძალიან ბევრი პრობლემაა, რეალური საკითხებია გადასაწყვეტი ჯერ კიდევ, რომელიც საჭიროებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების უფრო მეტ აქტიურობას, ასევე ცენტრალური მთავრობის ჩართულობას, რომლის გარეშეც არ გამოვა დიდი საკითხების მოგვარება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში “ქართული ოცნების” ბოლნისის მერობის კანდიდატის, დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში მმართველი გუნდის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება მიწის ნაკვეთების მელიორაცია, გზების მშენებლობა, გაზიფიცირება, პროფესიული განათლების განვითარება, ახალი საწარმოების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამ ყველაფერს კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად, ცენტრალური ხელისუფლება დააფინანსებს.

ასევე, წაიკითხეთ: ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის ფულით დაფინანსებული პროექტებით თვითმმართველობას აძლიერებს

 “თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული მუნიციპალიტეტისთვის, ქალაქისთვის, ჩვენი სოფლებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა მიმართულებით, იქნება ეს ჯანდაცვა, სოციალური საკითხების გადაწყვეტა ჩვენი მოსახლეობისთვის, განათლება, სპორტი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა სჭირდება ბოლნისს. კარგად იცის ჩვენმა კანდიდატმა, ჩვენმა გუნდმა, რა სჭირდება ჩვენს ბოლნისს, ჩვენს ბოლნისის მოსახლეობას, სოფლებს. ძალიან ბევრი პრობლემაა, რეალური საკითხებია გადასაწყვეტი ჯერ კიდევ, რომელიც საჭიროებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების უფრო მეტ აქტიურობას, ასევე, ცენტრალური მთავრობის ჩართულობას, რომლის გარეშეც არ გამოვა ასეთი დიდი საკითხების მოგვარება. საკითხები, როგორიც არის, მაგალითად, მიწის ნაკვეთების მელიორაცია თუნდაც, გზების მშენებლობა, გაზიფიცირება, განათლება – პროფესიული განათლების განვითარება, ახალი საწარმოების შექმნა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა – ეს არის ის პრიორიტეტული მიმართულებები, რაზეც ჩვენ  გვექნება განსაკუთრებული აქცენტი მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ ახლა უნდა გავიმარჯვოთ ძალიან ძლიერად, დამაჯერებლად, მეგობრებო, მოახლოებულ ოქტომბრის არჩევნებში იმისთვის, რომ შემდგომი სამი წელი იყოს განვითარება, განვითარება და განვითარება. იყოს მშვიდი, სტაბილური პერიოდი და რაც მთავარია, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა ვიზრუნოთ ყოველ დღე, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მთავრობა მუნიციპალიტეტებს დროულად გადაუჭრის ყველა იმ საკითხს, რომელშიც ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობაა საჭირო.

“ჩვენ მაინც ჯერ კიდევ ახალბედა დემოკრატია ვართ, ახალგაზრდა სახელმწიფო მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. ჩვენ უნდა გავითავისოთ მოსახლეობის თითოეული გასაჭირი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მერმაც, მაჟორიტარებმა, ყველამ, საკრებულოს წევრებმა გავითავისოთ ჩვენი მოსახლეობის, თითოეული უბნის, სოფლის გასაჭირი, მივიდეთ ადგილზე, ჩავიდეთ, მოსახლეობას ვესაუბროთ, ოპერატიულად და დროულად გადავუწყვიტოთ პრობლემები. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, ჩვენ, ცენტრალური მთავრობა, მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ყველა მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ ხელისუფლებას, დროულად გადავუჭრით ყველა საკითხს, რომელიც საჭიროებს ცენტრალური მთავრობის ჩართულობას. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. თუ ერთად ვიქნებით და ერთად ვიზრუნებთ ამ პრობლემების მოგვარებაზე, ყველაფერი კარგად იქნება, მეგობრებო”, –  განაცხადა პრემიერმინისტრმა.