ქვეყანას ნამდვილად არ სცალია უპერსპექტივო პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების შექმნისთვის. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ბევრი პრობლემა არის მოსაგვარებელი, რომელიც ყოველდღიურად ჩანს, გამწვავებული ეპიდვითარებისა და შესაბამისად გამწვავებული სოციალური ფონის დროს სულ სხვა საქმეა გასაკეთებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ მერები და საკრებულოს წევრები ავირჩიოთ, 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. რაც არ უნდა სპეკულაციები მოაყოლონ ამას და ჩვენი სწორი გადაწყვეტილება გააკრიტიკონ, საპარლამენტო არჩევნების ბედი არ იქნება მიბმული და ამას უნდა შეეგუონ. არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” საერთოდ არ აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და შეიძლება ისევ დესტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდეს, მაგრამ მგონია, რომ მათ მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შემდეგ შეგუება იმ მარცხთან, რასაც კიდევ ერთხელ განიცდიან თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით. მათ სხვა გამოსავალი არ ექნებათ, შეიძლება დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის მიღება დიდად არ ხიბლავთ, მაგრამ მაინც მოუწევთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შემდეგ მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – აცხადებს მდინარაძე.