ISFED: არაოფიციალური წინასაარჩევნო მონიტორინგისას გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების- 7, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 4, ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დისკრიმინაციის 5 ფაქტი

494

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგისას დამკვირვებლებზე ზეწოლის, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის და მუქარის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტები გამოავლინა.

როგორც ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული, ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის – 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების -7, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის -2, სავარაუდოდ საარჩევნო მიზნით განხორციელებული დახმარების აქციების – 2, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 4, მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანიის – 4, ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციისა და ძალადობის 5 ფაქტი. გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები, დაანონსებული მასშტაბური აქციები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანის მასშტაბური ტენდენცია.

კერძოდ, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 1-ელ აგვისტოს, ხობში, პარლამენტის დეპუტატმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორგანიზაციის გრძელვადიან დამკვირვებელს, რომელიც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენას უწევდა მონიტორინგს.

„ბერაიამ ორგანიზაციის დამკვირვებელს „მატყუარა“ უწოდა და „გამყალბებელი,“ „ქვეყნის გადამტრიალებელი“ და „ნაციონალებთან [ენმ] შეკრული“ ორგანიზაციის წარმომადგენლად მოიხსენია.

ასევე, თბილისში, 29 ივლისს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გივი მიქანაძემ, ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ მკვლევრებთან გამართულ შეხვედრაზე „სამართლიან არჩევნებს“ „დაბალი სტანდარტის მქონე“ სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შეხვედრას „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი წარმომადგენელიც ესწრებოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ასევე მოხვდა პარტია „საქართველოსთვის“ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლის ფაქტი, კერძოდ, ბათუმის ოფისის მეპატრონის მიერ ფართის დატოვების მოთხოვნა და ამის მიზეზად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გახარიას შესაძლო კავშირის დასახელება.

ამავე დოკუმენტის თანამხად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები გამოვლინდა ლანჩხუთში, ხაშურში, შუახევსა და ფოთში. მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანია დაფიქსირდა ხარაგაულში, ფოთსა და თბილისში. ორგანიზაციის მიერ დედაქალაქში ასევე გამოვლინდა სავარაუდოდ ამომრჩევლის გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობები.

რაც შეეხება ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციასა და ძალადობას, ორგანიზაციის ინფორმაციით, ფაქტები დაფიქსირებულია როგორც გორსა და ხარაგაულში, ასევე დედაქალაქშიც.

ამავე ანგარიშის თანახმად, არაოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიაში, ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის დომინირება შეინიშნებოდა.

ცნობისთვის, ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.

სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე.