2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, – ამის შესახებ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ზღვარი სახელმწიფო რესურსებსა და პარტიულ ინტერესებს შორის ფერმკრთალდება.
„2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, 3 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც მუნიციპალურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა იკრძალება. ამის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში, ბიუჯეტი ივნისსა და ივლისში შეიცვალა. ამ პროცესში, ტენდენციის სახით, შეიძლება, გამოიყოს სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდა და სამუშაოების განსაკუთრებით გააქტიურება. მართალია, საბიუჯეტო ცვლილებების პროცესი კანონით დადგენილ ვადაში განხორციელდა, მაგრამ, განსაკუთრებით იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც მოქმედი მერები და საკრებულოს ხელმძღვანელები კანდიდატებიც არიან, ზღვარი სახელმწიფო რესურსებსა და პარტიულ ინტერესებს შორის ფერმკრთალდება. აღნიშნული ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტსა და არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადი არ არის“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რომლებიც ადგილზე ამომრჩევლის მობილიზებისა და პარტიული წარმომადგენლის როლს ითავსებენ.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის საარჩევნო ცვლილებების დროს, საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერული კვოტირების მოდელის გაუარესების ფონზე, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა პოლიტიკაში ქალთა მიმართ მტრული გარემოს არსებობის პრობლემა. მათ შორის, საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს ქალი წევრების მიმართ გენდერული ნიშნით შეურაცხყოფის ფაქტები.
ISFED-ის ინფორმაციით, განსაკუთრებით საგანგაშო სახე მიიღო კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა არსებული პოლარიზებული გარემო.
„მედიასაშუალებებისათვის მუშაობაში ხელშეშლა ნეგატიურად აისახება ამომრჩევლების უფლებაზე მიიღონ სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია პოლიტიკური/საარჩევნო პროცესების შესახებ, შესაბამისად გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი“, – ნათქვამია ანგარიშში.
ცნობისთვის, ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1 ივნისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომლის განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე.