ცესკოს თავმჯდომარე: მიშელის დოკუმენტის შესაბამისად განხორციელებულმა საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო კოდექსში ისეთი ცვლილებების განხორციელება, რაც ყველა რისკს აზღვევს

377

მიშელის დოკუმენტის შესაბამისად განხორციელებულმა საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო ისეთი ცვლილებების განხორციელება „საარჩევნო კოდექსში“, რომელიც აზღვევს ყველა რისკს და კითხვის ნიშანს, რაც თუნდაც გასულ საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში არსებობდა, – ამის შესახებ ცენტალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრევენციული, რაც საარჩევნო რეფორმით დაინერგა, არის გადათვლის შესაძლებლობები.

„განხორციელებული საარჩევნო რეფორმები გამორიცხავს იმ მანიპულაციების შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება წამოიჭრას. იქნება ეს სარჩელების განუხილველობის საკითხი, განხილვის ვადები, საკონსულტაციო საბჭოს შემოტანა თუ ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი და პრევენციული რაც შემოვიდა არის გადათვლის შესაძლებლობები თითოეულ საარჩევნო ოლქში 5 უბნის შემთხვევაში, ასევე შემაჯამებელ ოქმებში გადასწორების შემთხვევებში სავალდებულო გადათვლა და ამით კანონმდებელმა საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ფაქტობრივად გაანალიზა და დააზღვია ყველა კითხვის ნიშანი”, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.