2021-2024 წლებში, როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის ჯამში, 8000-მდე ბინა აშენდება

468

2021-2024 წლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ჯამში, 8000-მდე ბინა აშენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 709 800 000 ლარი გამოიყოფა,- ამის შესახებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა 4-წლიანი განსახლების გეგმის შესახებ პრეზენტაციისას გახდა ცნობილი.

საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციაზე დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელების ვადების, ბიუჯეტისა და ადგილმდებარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები, ეტაპობრივად, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში გადაეცემათ.

„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, არა მხოლოდ 80-მდე ნგრევადი და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ობიექტი დაიხურება, არამედ ის შენობებიც, სადაც არასათანადო საცხოვრებელი პირობებია და დევნილებს არ სურთ მათი პრივატიზება. განსახლების გეგმა, ასევე ითვალისწინებს კერძო სექტორში მცხოვრები დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომლებიც წლების განმავლობაში ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობენ. იძულებით გადაადგილებულ პირთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური, 4-წლიანი განსახლების პერიოდის დასრულების შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, ჯამში, 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა, საიდანაც 8000-მდე სწორედ სამშენებლო კომპანიების მიერ აშენებული ბინა იქნება, დამატებით, იგეგმება 5000-მდე სოფლად სახლის შესყიდვაც”, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

“სამშენებლო კომპანიებისგან ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბინებს კონკურსის წესით, ღიად და გამჭვირვალედ 2015 წლიდან შევისყიდით. თუმცა, ახლა ეს პროექტი განსაკუთრებულ მასშტაბებს იძენს და დევნილებისთვის ათასობით ბინის მშენებლობას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, რომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი ბინებს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში გადავცემთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური პროცესების გათვალისწინებით, არათუ შეფერხდეს, არამედ კიდევ უფრო გაიზარდოს დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ტემპები. იმისათვის, რომ პროექტი კიდევ უფრო ეფექტიანი და მოქნილი გახდეს სამშენებლო სექტორის წარმომადგენელს ორ ალტერნატივას ვთავაზობთ. პირველი, ეს გახლავთ კორპუსების მშენებლობა მათივე საკუთრებაში არსებულ მიწაზე. თბილისში, 1კვ.მ-ის მაქსიმალურ ფასს 550 დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო რეგიონებში 470 დოლარის ექვივალენტი ლარში შეადგენს. იმისათვის, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინები მაქსიმალურად მოკლე დროში აშენდეს, განიხილება სამშენებლო სექტორისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის შეთავაზების საკითხიც, რაც რა თქმა უნდა, გამოიწვევს ერთი კვადრატული მეტრის ფასის შემცირებასაც. ამ შემთხვევაში, თბილისში, 1კვ.მ-ის ფასის ზედა ზღვარი განისაზღვრა 535 დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო რეგიონებში 460 დოლარის ექვივალენტი ლარში”,- განაცხადა სიმონიშვილმა პრეზენტაციაზე.