კალაძე: მეტი შრომა იქნება მომავალი ოთხი წლის გეგმა და მიზანი

742

უფრო მეტი განათლება, მეტი პროექტი, მეტი ინოვაცია, მეტი სიახლე, მეტი ახალი რეკრეაციული სივრცეები, მეტი ახალი საბავშვო ბაღები. მეტი შრომა იქნება მომავალი ოთხი წლის გეგმა და მიზანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის გახსნისას განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას პანდემიის პერიოდში გაწეული თანადგომისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღეს წინასაარჩევნო პროცესებისთვის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა. იხსნება ჩემი საარჩევნო შტაბი. თუმცა მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმით, რომ დღეიდან ამ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისელებისთვის იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს ექნებათ შესაძლებლობა მოვიდნენ, საკუთარი მოსაზრებები გაგვიზიარონ, სადაც მათ, რა თქმა უნდა, ელოდებიან, უსმენენ და მათთან ერთად გეგმავენ თბილისის ხვალინდელ დღეს, ჩვენი ქალაქის განვითარებას.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა პროექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ჩვენი მოსახლეობის დიდი მხარდაჭერის შედეგია. რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები, იყო პრობლემები, რასაც მარტო ვერ დავძლევდით, ჩვენ ერთად ვებრძოდით ყველა პრობლემას, ერთად ვიყავით მაშინაც, როდესაც უხილავი მტრის გამოჩენით მიღებული დარტყმა შოკისმომგვრელი იყო არა მხოლოდ თბილისისთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის დღესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა არსებული პანდემია. გავა დრო და პანდემია დავიწყებას მიეცემა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება პირადად მე ის დიდი თანადგომა და სოლიდარობა, რისი მომსწრენიც ყველანი ვიყავით. ბიზნესის მხარდაჭერა, სრული მობილიზაცია, მაღაზიებში საკუთარი ოჯახისთვის ნაყიდი პროდუქტების განაწილება და გადაცემა იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა ამ რთულ ვითარებაში. მოხალისეებად ქცეული ჩვენი საამაყო ახალგაზრდები, რათა მარტოხელა მოხუცებისთვის, სოციალურად დაუცველი პატარებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის მიგვეწოდებინა საკვები და ჰიგიენის საშუალებები და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის.

დიახ, ეს ქალაქი არის, იყო და მომავალშიც იქნება მაგალითი სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომის და სოლიდარობის. სწორედ ეს არის ის ძალა, რასაც ვეყრდნობი პირადად მე, რაც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ერთად გავიმარჯვებთ. ერთად შევძლებთ, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შევიდეს ჩვენი ქალაქის ყველა უბანში. უფრო მეტი განათლება, მეტი პროექტი, მეტი ინოვაცია, მეტი სიახლე, მეტი ახალი რეკრეაციული სივრცეები, მეტი ახალი საბავშვო ბაღები. მეტი შრომა იქნება მომავალი ოთხი წლის გეგმა და მიზანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.