ოზურგეთში პარტიამ „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გახსნა. აღნიშნული პარტიიდან მერობისთვის გია ცეცხლაძე იბრძოლებს. რეგიონული ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად გახსნა.
გიორგი გახარიამ შეკრებილ მხარდამჭერებს პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვები გააცნო.
„ოზურგეთში ვხსნით ოფისს და ჩათვალეთ, რომ ოზურგეთში საარჩევნო კამპანიას ერთად ვიწყებთ. ჩვენ ახალი პარტია ვართ და შესაბამისად, ერთდროულად გვიწევს, როგორც პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბება რეგიონებში, ასევე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, მაგრამ ოზურგეთი განსხვავებულია იმით, რომ საერთოდ არ გვქონია აქ არანაირი დიდი ფიქრის აუცილებლობა, ვინ უნდა ყოფილიყო ჩვენი სახე. ამიტომ, ამ ადამიანს ყველა იცნობთ. ეს არის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის განსახიერება. რამდენი ხანია ასე ემსახურება ქვეყანას. მე უაღრესად ბედნიერი ვარ და ჩემთვის პატივია, რომ ის დღეიდან ჩვენთან ერთად გააგრძელებს ქვეყნის და სახელმწიფოს მსახურებას. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ ამას. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ წარმატებასა და გამარჯვებაში თქვენთან ერთად. ჩვენი, ყველას, ვისაც ჩვენს გვერდით ხედავთ, მთავარი მიზანი გახლავთ ძლიერი სახელმწიფო. ჩვენ თუ ამ 30 წლის შემდეგ, ერთი და იგივე წრეზე სიარული არ გავარღვიეთ და არ შევქმენით ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.