თელავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ „ოცნება“ დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა

627

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ორკოდაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდა შეუერთდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ძვირფასო თელაველებო, მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩემი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგების დატოვებას.

თითოეულ თელაველს, ვინც მე პირადად მიცნობს ან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობას თვალყურს ადევნებს, კარგად მოეხსენება, რომ ჩემი საკრებულოში 4 წლიანი მუშაობის განმავლობაში, ყოველთვის მზად ვიყავი მოსახლეობასთან თანამშრომლობისათვის, მათგან წამოსული თითოეული ინიციატივის მხარდასაჭერად (განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით) და ყოველთვის ორიენტირებული ვიყავი თელაველების კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე.

ბოლო პერიოდში კი ყველანი ერთად ვაკვირდებით ძალიან სამწუხარო ტენდენციას, როცა ქართული ოცნების პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ ქვეყნის მოსახლეობის ყურადღების გადატანას მათთვის პრიორიტეტული საკითხებიდან, ნაკლებად მნიშვნელოვან თემებზე და ძირითადად დაკავებულები არიან პოლიტიკური ოპონენტების “გაშავებით“.

მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია და შედეგად ქვეყანა უამრავი მიმართულებით სერიოზული გამოწვევის წინაშე იმყოფება, და ეს ყველაფერი მწვავედ აისახება თითოეული მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე, ძალიან დასანანია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებები ემსგავსება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ 2011 – 2012 წლებში წარმეობულ პოლიტიკური ოპონენტების დევნის სასტიკ კამპანიას, ის რაც სამწუხაროდ არ ეკადრებოდა ჩვენს ქვეყანას და ის რაც საბედნიეროდ ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს.

მე მსურს ჩემს თანამოაზრეებთან ერთად წარსულში დაბრუნების ნაცვლად, თავდაუზოგავად ვიმუშავო ჩემი ქვეყნის და ჩემი მუნიციპალიტეტის უკეთესი ხვალიდელი დღის შესაქმენლად. მსურს პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე გაუთავებელი საუბრისა და მათი სხვებზე გადაბრალების ნაცვლად, ჩემს თანაგუნდელებთან და თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთად აქტიურად ვიმუშავო მათი გადაჭრის გზებზე.

აქედან გამომდინარე, ვტოვებ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობას, ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგებს და ვუერთედები გიორგი გახარიას გუნდს, პარტიას „საქართველოსთვის“, რათა ამ პარტიაში გაერთიანებულ გულანთებულ და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გავაგრძელო განვითარების ის გზა, რომლის გაგრძელების შესაძლებელობასაც ვეღარ ვხედავ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.

აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ “ქართულ ოცნებაში” არის ბევრი ღირსეული, პროფესიონალი ადამიანი, რომლებიც დარწმუნებული ვარ, სწორ გზას აირჩევენ.
წინ ერთად ძლიერი #საქართველოსთვის“, – წერს გიგა ორკოდაშვილი.

თანამდებობა ცოტა ხნის წინ გურჯაანის მერის მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმაც დატოვა, რომელიც ასევე გახარიას გუნდში გადავიდა.