თელავში ,,ბალიხიდის” ხევის მე-19 საუკუნის თიხის წყლის მილები აღმოაჩინეს, რომელიც თელავის ისტორიულ მუზეუმს გადაეცა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილის თქმით, თელავი უძველესი დროიდან ცნობილი იყო თავისი საუცხოო წყაროებითა და ბუნებრივი წყლებით. თელავის მოსახლეობა კი ამ წყლებს იყენებდა სასმელად. სწორედ ამ აღმოჩენილი თიხის მილებით გამოყავდათ თელავის შემოგარენიდან წყალი. მე-19 საუკუნის თიხის მილები ისტორიკოსმა თავად აღმოაჩინა.
“თიხის მილები, რომელიც მე ჩამოვიტანე ,,ბალიხიდის” ხევიდან დათარიღებულია მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით. ისინი შემკრები აუზიდან ხევში გადიოდნენ და მიაწოდებდნენ წყალს მოსახლეობას. როგორც ჩანს წვიმებმა ჩამორეცხა, ჩამოიმტვრა და სწორედ ასე გახდა იგი შესამჩნევი”,– განაცხადა თენგიზ სიმაშვილმა.