მაჟორიტარობის 13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვებიდან ანზორ ბოლქვაძის ოჯახს და ახლობლებს, – ამის შესახებ კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოამზადა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აგრძელებს კვლევას საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნებიდან” მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარად არჩეული ანზორ ბოლქვაძის ნათესავებისა და ახლო წრის ბიზნესინტერესების შესახებ.
2020 წელს გამოქვეყნებულ ჩვენს არცერთ მოკვლევას ანზორ ბოლქვაძის საქმიანობასთან დაკავშირებით, სათანადო მიმართვების მიუხედავად, შესაბამისი უწყებებიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთან, გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომელიც კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის დამატებით რისკებს ავლენს.
წინამდებარე კვლევა ერთგვარად აჯამებს მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის წევრების, მისი ნათესავებისა და ახლო წრის კომპანიების მიერ მისი მაჟორიტარობის დროს სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს, რაც ვფიქრობთ, გარკვეულ სურათს შექმნის დეპუტატის გავლენებთან დაკავშირებით.
ანზორ ბოლქვაძის ოჯახის წევრების, მისი ნათესავებისა და ახლო გარემოცვის პირებთან დაკავშირებული კომპანიების სარგებელი სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2021 წლებში
ანზორ ბოლქვაძის პოლიტიკურ გააქტიურებასთან ერთად, 2008 წლიდან მისი ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ახლობლებმა თანდათან დაიწყეს კომპანიების დაფუძნება, რომელთა შემოსავალი მეტწილად სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე იზრდებოდა. ეს კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებს იღებენ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო ორგანიზაციის – გზების დეპარტამენტისა და ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებისგან. აღსანიშნავია, რომ საგზაო დეპარტამენტის სატენდერო კომისიაში მონაწილეობს ანზორ ბოლქვაძის შვილი, როლანდ ბოლქვაძე და ორგანიზაციის მიერ შესწავლილ არცერთ ოქმში ის არ აფიქსირებს ინტერესთა კონფლიქტს, როცა ხელშეკრულება მისი ნათესავის ან ოჯახის ახლობლის კომპანიასთან უნდა გაფორმდეს. თვალშისაცემია, ასევე, ამავე კომპანიების უკონკურენტო ტენდერების სიმრავლე სწორედ გზების დეპარტამენტთან.
მაჟორიტარის ნაბიჯები ჩვენი კვლევების პასუხად
არჩილ ბოლქვაძე – ანზორ ბოლქვაძის ახლობელი, „დინამო ბათუმის” დირექტორი, ფინანსისტი და მაჟორიტართან დაკავშირებული კომპანიების აუდიტორი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წერდა იმის შესახებ, რომ მაჟორიტარ დეპუტატს კომპანია „გოდერძი დეველოპმენტში” კუთვნილი 50% წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, რითაც კანონმდებლობა დაარღვია[1], ანზორ ბოლქვაძემ კვლევის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აღნიშნული წილი მინდობით არჩილ ბოლქვაძეს გადასცა. არჩილ ბოლქვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული შპს „დინამო ბათუმის” დირექტორია. კლუბის ვებ-გვერდის თანახმად, ბოლქვაძე დირექტორობას ფინანსისტობასაც უთავსებს.
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კუთვნილი კომპანიის ხელმძღვანელობის გამო, არჩილ ბოლქვაძეს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა ევალება. 2019 წლის კვლევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იგი ამხილა კანონმდებლობის ნორმების დარღვევაში: კერძოდ, არჩილ ბოლქვაძემ 2018 წლის დეკლარაციაში მეუღლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ მიუთითა. მიმართვის მიუხედავად, საჯარო სამსახურის ბიუროს ბოლქვაძის დეკლარაცია არ შეუსწავლია.
არჩილ ბოლქვაძისთვის ანზორ ბოლქვაძის კუთვნილი 50% წილის მინდობა კანონშეუსაბამოა, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არჩილ ბოლქვაძე წარმოადგენს თანამდებობის პირს,[2] რომელსაც კანონი საკუთარი ბიზნეს წილების მართვასაც კი უკრძალავს და მათი მართვის მესამე პირისთვის მინდობას ავალდებულებს.[3] შესაბამისად, ცალსახად და აშკარად, კანონსაწინააღმდეგოა ასეთი პირისთვის წილის მართვის უფლების მინდობა. გარდა ამისა, საწარმოს წილის მართვა, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს“, თავისი არსით, სამეწარმეო საქმიანობასთან აქვს გაიგივებული, რაც თანამდებობის პირებს აკრძალული აქვთ.
კლუბის ფინანსისტობა ერთადერთი საქმიანობა არაა, რასაც არჩილ ბოლქვაძე „დინამო ბათუმის” დირექტორობას უთავსებს. 2017 წლის 23 თებერვლიდან ის აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის მონაცემებით, არჩილ ბოლქვაძემ 2017-2021 წლებში ბათუმის მუნიციპალურ სასპორტო და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს 7000 ლარამდე აუდიტორული მომსახურება გაუწია. ჯამში, 2018-2020 წლებში, „დინამო ბათუმის” დირექტორობის პარალელურად, დეკლარაციების თანახმად, კერძო აუდიტორული საქმიანობიდან 40,000 ლარი მიიღო. კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი სამეწარმეო საქმიანობა თანამდებობის პირისთვის აკრძალულია. კომპანიებს შორის, რომელთაც არჩილ ბოლქვაძე აუდიტორულ დასკვნებს უმზადებს, ანზორ ბოლქვაძის სხვა ნათესავებთან დაკავშირებული ორი კომპანიაა: „აისი” და „კონტრაქტმშენი 2016”. ამ კომპანიებზე ცალკე თავში წარმოგიდგენთ ინფორმაციას.
2020 წლის 24 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ანზორ ბოლქვაძის ნათესავებისა და ახლო წრის პირების ბიზნესინტერესებზე მეორე კვლევა გამოაქვეყნა. მაჟორიტარმა 26 ივნისს ეს წილი „გოდერძი დეველოპმენტში”, რომელიც მანამდე სამართავად კანონდარღვევით არჩილ ბოლქვაძეს გადასცა, 1 ლარად მიჰყიდა შპს „ჰელისკი ჯორჯიას”, რომელიც “გოდერძი დეველოპმენტის” 50%-ს მანამდეც ფლობდა. როგორც წინა კვლევაში აღვნიშნეთ, ანზორ ბოლქვაძის პარტნიორების კომპანია „ჰელისკი ჯორჯიამ” კუთვნილი ვერტმფრენის მომსახურების გაწევით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან 2017-2018 წლებში 98,000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულებები მიიღო.
„ფონი” – ანზორ ბოლქვაძის ოჯახის საკვანძო კომპანია
2008 წელს ანზორ ბოლქვაძე საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის” ხულოს მაჟორიტარად აირჩიეს. 2010 წელს მაჟორიტარის შვილმა როლანდ ბოლქვაძემ, რომელიც ამჟამად აჭარის გზების დეპარტამენტში ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამსახურის უფროსის პოზიციაზეა, მამის მიერ დაფუძნებული შპს „ფონის” 100% მიიღო, დირექტორი კი ბოლქვაძეების ახლობელი, დავით ქონიაძე გახდა. ამ პერიოდიდან კომპანია იმარჯვებს სახელმწიფო ტენდერებში და აფორმებს მაღალბიუჯეტიანი გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებს.
პირველად „ფონმა” 2011 წელს მოიგო აჭარის გზების დეპარტამენტის ტენდერი უკონკურენტოდ. შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულებები ხულოს მუნიციპალიტეტთან. მოგვიანებით, 2012 წლიდან „ფონთან” მაღალბიუჯეტიანი გამარტივებული ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო შპს Goderdzi Resorts-მა, რომელიც როგორც მაშინ, ახლაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. ჯამში, 2011-2012 წლებში ანზორ ბოლქვაძის ოჯახის კომპანიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან და ხულოს მუნიციპალიტეტიდან შესყიდვების გზით 3,584,139 ლარი მიიღო, საიდანაც 95% უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებზე მოდის.
შპს „ფონის” მიერ 2011-2012 წლებში მიღებული შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან:
„გიგა 2015” – ანზორ ბოლქვაძის ბიძაშვილის კომპანია
2020 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებულ კვლევაში საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია როგორ იღებს სარგებელს მაჟორიტარის ბიძაშვილის, რომან ბოლქვაძის კომპანია „გიგა 2015” აჭარის გზების დეპარტამენტიდან. ამ დეპარტამენტში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაჟორიტარის შვილი, როლანდ ბოლქვაძე სამსახურის უფროსი და სატენდერო კომისიის წევრია. კვლევის გამოქვეყნების დროისთვის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული შემოსავლის 84% (3,252,372 ლარი) სწორედ აჭარის გზების დეპარტამენტის ტენდერებიდან მიიღო, დარჩენილი ნაწილი – 594,748 ლარი ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტების (ქედა, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური) შესყიდვებიდან.
„გიგა 2015” აგრძელებს დამკვიდრებულ პრაქტიკას: მონაწილეობს მხოლოდ აჭარის გზების დეპარტამენტისა და ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტების შესყიდვებში – 2020 წლის 24 ივნისიდან დღემდე 11 ტენდერში გაიმარჯვა, მათ შორის 3-ში კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე, და ჯამში 1,000,263 მიიღო. 11-დან 10 შემთხვევაში შემსყიდველი ისევ აჭარის გზების დეპარტამენტია, ერთგან კი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.
ინდ. მეწარმე არჩილ ქედელიძე, „ქედე” და „კურორტი ბეშუმი” – ანზორ ბოლქვაძის მამიდაშვილის შვილების კომპანიები
წინა კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ანზორ ბოლქვაძის მამიდაშვილის ოჯახის კომპანიას, „ქედეს” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ განუახლებია. ჩვენი გამოკვლევით დადგინდა, რომ 2017-2018 წლებში “ქედემ” აჭარის მუნიციპალიტეტებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის 845,000-მდე ლარი მიიღო, რომლის 32% უკონკურენტოდ მოგებულ ტენდერებზე მოდის.
წინამდებარე კვლევაზე მუშაობის აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი გარემოება: კომპანია „ქედე” 2016 წელს ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ კურორტ ბეშუმში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული კომპანია B&B-ის ქვეკონტრაქტორი იყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთულ სატენდერო დოკუმენტაციაში ქვეკონტრაქტორ „ქედესთან” გაფორმებული ხელშეკრულება არ არის ატვირთული. ინფორმაცია ამის შესახებ თავად „ქედემ” მიაწოდა ხულოს მუნიციპალიტეტს, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ 2018 წელს გამოცხადებული ტენდერის პირობებს აკმაყოფილებდა.
2016 წელს ხულოს მუნიციპალიტეტმა ბეშუმში წყლის რეაბილიტაციის ტენდერის სავარაუდო ღირებულებად 792,716 ლარი განსაზღვრა. B&B-მ შემსყიდველს ამ სამუშაოების შესრულება 717,229 ლარად შესთავაზა და ტენდერში გაიმარჯვა კიდევაც. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიამ, შპს „ქედემ”, როგორც B&B-ს ქვეკონტაქტორმა კომპანიამ, 671,994 ლარი ანუ შესყიდვის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის 94%-მდე მიიღო.
ასეთ პირობებში ჩნდება კითხვები: ხომ არ ატარებდა ბეშუმის წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში B&B-ს მონაწილეობა ფორმალურ ხასიათს და კომპანიის პოზიციონირების უკან რეალურად ბოლქვაძის ნათესავების ინტერესები ხომ არ იმალებოდა? ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ B&B-სთან ქვეკონტრაქტორის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს ქედელიძეების კომპანია „ქედეს” არცერთ სახელმწიფო შესყიდვაში არათუ გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, არამედ მონაწილეობაც კი არ ჰქონდა მიღებული.
ჯამში, „ქედემ” სახელმწიფო შესყიდვებიდან და ზემოაღნიშნული ქვეკონტრაქტორობიდან 2016-2018 წლებში 1,516,762 ლარი მიიღო.
არჩილ ქედელიძე, ბოლქვაძის მამიდაშვილის შვილი, „ქედეს” დირექტორობამდე ინდივიდუალურ მეწარმეობას ეწეოდა და 2012-2014 წლებში ხულოს მუნიციპალიტეტთან გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს აფორმებდა, ჯამში ამ პერიოდში ქედელიძემ 39,540 ლარი მიიღო. 2014 წელს არჩილ ქედელიძე ანზორ ბოლქვაძის ოჯახის კუთვნილი სასტუმროს „კურორტ ბეშუმის” დირექტორი გახდა, მისმა ძმამ, გიორგი ქედელიძემ კი ამ კომპანიის 100%-იანი წილი 1 ლარად სემიე ბოლქვაძისგან, არჩილ ბოლქვაძის დედისგან მიიღო. სემიე ბოლქვაძე აღნიშნული წილის მფლობელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გახდა.
ქედელიძეებმა ხულოში სახელმწიფო შესყიდვებიდან შემოსავლის მიღება სწორედ „კურორტ ბეშუმიდან” დაიწყეს – ავტონომიური მთავრობისა და მუნიციპალიტეტების სხვადასხვა პროგრამის მონაწილე ახალგაზრდების განთავსება-კვებისთვის კომპანიამ უკონკურენტო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების გზით 2012-2013 წლებში 53,517 ლარი მიიღო.
შპს „კონტრაქტმშენი 2016” – ანზორ ბოლქვაძის ნათესავისა და ბიზნესპარტნიორის კომპანია
2020 წლის ივნისში გამოქვეყნებულ კვლევაში აღვნიშნეთ, რომ ანზორ ბოლქვაძის რძალმა, გურანდა გობაძემ საკუთარი წილი კომპანია „აისში” უსასყიდლოდ გადასცა როინ აბულაძეს, ბოლქვაძეების კიდევ ერთ ბიზნესპარნტნიორსა და ნათესავს. ამის შემდეგ „აისმა” აჭარის გზების დეპარტამენტისა და ხულოს მუნიციპალიტეტის 1,148,599 ლარის ღირებულების 11 ტენდერი მოიგო, მათ შორის 773,984 ლარი (შემოსავლის 67%) – 6 უკონკურენტო ტენდერის პირობებში.
კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, „აისი” სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა გზების დეპარტამენტისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალბიუჯეტიან შესყიდვებში გააქტიურდა როინ აბულაძის კიდევ ერთი კომპანია – „კონტრაქტმშენი 2016”. ეს კომპანიაც, „აისის” მსგავსად, ბეტონის მიწოდებაზე გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებს.
„კონტრაქტმშენი 2016”-ის გააქტიურება დაემთხვა შესყიდვების პროცესიდან „აისის” გასვლას – შპს „აისმა” ბოლო ტენდერში გამარჯვება ხელშეკრულებით 2020 წლის 1 აპრილს გააფორმა (შემსყიდველია ხულოს მუნიციპალიტეტი, თანხა – 309,345 ლარი), „კონტრაქტმშენი 2016”-მა კი პირველი მაღალბიუჯეტიანი შესყიდვა ამავე წლის 1 მაისს მიიღო. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის თანახმად, აჭარის გზების დეპარტამენტს უკონკურენტო შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ 789,289 ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია. სატენდერო დოკუმენტაციაში საეჭვო გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას ტენდერის მონაწილეებისგან მსგავსი სამუშაოების (ბეტონის წარმოებისა და დასხმის) გამოცდილების ქონა არ მოუთხოვია.
როგორც ზევით აღვნიშნეთ, „აისსა” და „კონტრაქტმშენ 2016”-ს ერთი და იგივე აუდიტორი, ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული არჩილ ბოლქვაძე უწევს აუდიტორულ მომსახურებას: სწორედ არჩილ ბოლქვაძის 2018 წლის 17 მაისის დასკვნით დაადასტურა „აისმა” სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში, რომ ნამდვილად ფლობს ბეტონის ქარხანას ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში, 2020 წლის 8 აპრილს კი იგივე დაადასტურა „კონტრაქტმშენ 2016”-მაც.
2021 წელს „კონტრაქტმშენი 2016”-მა აჭარის გზების დეპარტამენტიდან და ხულოს მუნიციპალიტეტიდან ასევე უკონკურენტოდ 1,049,546 ლარის ხელშეკრულებები მიიღო, ჯამში კი დაფუძნებიდან დღემდე – 1,859,825 ლარი.
„კონტრაქტმშენი 2016”-ის მიერ მიღებული შემოსავლები უკონკურენტო და გამარტივებული შესყიდვებიდან:
შპს „სეფა” – ანზორ ბოლქვაძის კიდევ ერთი ბიზნესპარტნიორის კომპანია
ანზორ ბოლქვაძის რძლის, გურანდა გობაძის ყოფილი ბიზნესპარტნიორი, ელგუჯა აბაშიძე, რომელიც ამჟამად მაჟორიტართან დაკავშირებული შპს „აისის” დირექტორია, ფლობს რამდენიმე კომპანიას, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში. მათ შორის გამორჩეულია შპს „სეფა”, რომელიც აჭარის მთავრობის აპარატს, სამინისტროებს, სამინისტროებს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს, მუნიციპალურ ა(ა)იპებს, ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებს და ა.შ. ავეჯს გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე აწვდის – 2012 წლიდან დღემდე „სეფამ” ზემოდასახელებული ორგანიზაციების 298 ხელშეკრულებიდან 307,440 ლარი მიიღო. ელგუჯა აბაშიძის სხვა კომპანიებს – „მიქს მშენებელმა” და „სტანდარტმა” ჯამში გამარტივებული შესყიდვებიდან 5,105 ლარი მიიღო.
დასკვნა და რეკომენდაციები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, აჭარის მუნიციპალიტეტების (ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის, მისი ოჯახის წევრების და ახლო წრის წარმომადგენელთა ბიზნესსაქმიანობა არაერთ კითხვას აჩენს კორუფციის რისკებთან, ნეპოტიზმთან და დეპუტატის მანდატის არაკეთილსინდისიერ გამოყენებასთან დაკავშირებით.
ანზორ ბოლქვაძისა და მისი ახლობლების ეკონომიკური საქმიანობა/ინტერესები ნათლად აჩვენებს ქვეყანაში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანებებს. სხვადასხვა მაჟორიტარი დეპუტატი საკუთარ საარჩევნო ოლქში სარგებლობს დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით, რომლის წყალობითაც ისინი საჯარო სამსახურებში ასაქმებენ ახლობლებს და უპირატეს მდგომარეობაში აყენებენ მათთან დაკავშირებულ კომპანიებს.
კვლევაში მოცემულ ფაქტებზე დაყრდნობით მოვუწოდებთ:
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა იმ სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანია „გიგა 2015”-ის და “კონტრაქტმშენი 2016”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვებით დასრულდა;
- საჯარო სამსახურის ბიუროს, საგანგებოდ შეამოწმოს დეპუტატ ანზორ ბოლქვაძისა და “დინამო ბათუმის” დირექტორის, არჩილ ბოლქვაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემები და არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, იმოქმედოს კანონით დადგენილი ნორმებით.