„დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ – კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების მიმართულებით პედაგოგების გადამზადება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 500-მდე მასწავლებელი გადამზადდება.
ტრენინგების შედეგად, საქართველოს მასშტაბით მოქმედი პედაგოგები კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარებს განივითარებენ, რაც ციფრულ ეპოქაში თითოეული მოქალაქისთვის აუცილებელია. პროექტის ფარგლებში სერტიფიცირებული მასწავლებლები მიღებულ გამოცდილებას პრაქტიკაში გამოიყენებენ და ცოდნას მოსწავლეებს გაუზიარებენ.
სამი თვის განმავლობაში ტრენინგები თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარდება. პედაგოგები მიიღებენ ცოდნას დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. ისინი ისწავლიან იმ პრაქტიკულ მეთოდებს, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით. ამასთან, სასწავლო სემინარები მათ დაეხმარება და მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ამომწურავი და გააზრებული ინფორმაცია ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ.
პედაგოგები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქციული საგანმანათლებლო მოდულით გადამზადდებიან, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა. სატრენინგო მოდული აგებულია სწავლების აქტუალური და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, დეზინფორმაციის იდენტიფიცირების სხვადასხვა ხერხი, ინფორმაციის ვალიდაციის მეთოდები და სხვა. მოდული პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს, რომლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მასწავლებლებს კომუნიკაციების კომისია სერტიფიკატებთან ერთად, სპეციალურ პრიზებს გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების განვითარების მიმართულებით, კომუნიკაციების კომისიის მნიშვნელოვანი როლი და ეფექტური მუშაობა არაერთხელ იქნა აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. სწორედ მედიაწიგნიერების წარმატებული პროექტები გახდა იმის საფუძველი, რომ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის დაფინანსება კომუნიკაციების კომისიამ მიიღო და პროექტს საქართველოს მასშტაბით კომისია განახორციელებს.