ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, რა თქმა უნდა, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და რაც მთავარია, საბოლო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტროა ჩვენს ქვეყანაში, მთავრობაში, რომელიც ორიენტირებულია, ზოგადად, მოქალაქეებისთვის, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე.
„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ იუსტიციის სამინისტროს განვითარების გეგმას, ხედვას. ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი ხედვების პრეზენტაცია, ჩვენს მოსახლეობას ვუხსნით, თუ რას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, რა თქმა უნდა, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და რაც მთავარია, საბოლო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას.
მანამ, სანამ ბატონი მინისტრი წარმოადგენს თავის ხედვას, მე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან წარმატებულად დაიწყო ბატონმა რატიმ მოღვაწეობა სამინისტროში, მის გუნდთან ერთად ძალიან საინტერესო ინიციატივები, პროექტები, იდეები შეიმუშავეს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ დეტალურად.
ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, რომ იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტრო ჩვენს ქვეყანაში, მთავრობაში, რომელიც ორიენტირებულია, ზოგადად, მოქალაქეებისთვის, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე. ასევე, ჩვენ ვგეგმავთ და ამაზე ბატონი მინისტრი ისაუბრებს, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად, მაგალითად საბჭოთა კანონმდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს დღევანდელ რეალობაში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, სრულად ჩანაცვლდეს საბჭოთა მემკვიდრეობა, საბჭოთა კანონმდებლობა, თანამედროვე, ევროკავშირის კანონმდებლობასთან სრულ ჰარმონიზაციაში უნდა მოვაქციოთ მთლიანად, მთელი საკანონმდებლო სივრცე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დაგეგმილი არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ინიციატივები, რომლებიც ემსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო კომფორტული სერვისების მიწოდებას ადგილზე, ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში.
„ამ მიმართულებით, ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა, ჩვენ ვავითარებთ იუსტიციის სახლებს, ასევე საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას ყველა მუნიციპალიტეტში და თანმიმდევრულად განვითარდება ეს პროექტი. ამას გარდა, ბატონ მინისტრს აქვს გეგმა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში აშენდეს იუსტიციის სახლი, მათ შორის, თბილისში დაიწყოს ყველა რაიონში, უბანში.
ჩვენ გვაქვს სერიოზული ამბიციები იმასთან დაკავშირებით, რომ ციფრული სერვისები მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, მაგალითად ისე, რომ სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად შეძლოს მოქალაქემ ნებისმიერი სერვისის მიღება, რაც შეუძლია მიიღოს იუსტიციის სახლში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი კომფორტი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.