ახალციხეში, ადიგენის ქუჩის მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას წერილით რამდენჯერმე მიმართეს. ადიგენის ქუჩაზე, სადაც დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს ასფალტის საფარი დაგებული არ არის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მოსახლეობის თქმით, მათ რამდენჯერმე წერილით მიმართეს ახალციხის მერიას, თუმცა უშედეგოდ. როგორც თავად გვიყვებიან, მათ სხვა ქუჩებიდან აღებული ძველი საფარით ღრმულების ამოვსებას დაპირდნენ.
– „გზაზე დავწერეთ რამდენჯერმე, თქვენც ხედავთ როგორი გზაა. სხვაგან, რომ ავყრით გზას იმას დავყრითო. ჯერ სხვა ქუჩები ხომ აყარონ და შემდეგ იმ ნახმარ ასფალტს აქ, გზებში დაგვიყრიან, ღრმულებს ამოავსებენ“.
– ,,განცხადებით მივმართეთ მერიას, მაგრამ ჯერჯერობით საშუალება არ არის და თუ რამე დაგვრჩა გავაკეთებთო,“– გვიყვებიან ადიგენის ქუჩაზე.
ადგილობრივების ნაწილის თქმით მათ გარკვეული დაპირება უკვე მიღებული აქვთ და მიმდინარე წელს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასაც ელოდებიან.
„გზას წინასააჩევნოდ არ დაგვპირებიან. მერე გვითხრეს მომავალ წელს მაგასაც შევიტანთ ბიუჯეტში და გაგიკეთებთო. წელს ესეც გაკეთდება ალბათ. სხვა დაპირებებიც იყო და ყველაფერი გააკეთეს“,– გვიყვება ერთ–ერთი ადგილობრივი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ: „მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. რაც შეეხება, ადიგენის ქუჩას, მუნიციპალიტეტის მერიას სამომავლო გეგმაში აქვს გზის აღნიშნული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც“.