ახალციხის მერიამ ა(ა)იპ–ებს დაფინანსება ისევ გაუზარდა

432

30 ივლისს ახალციხის მუნიცპალიტეტის საკრებულოს რიგით მერვე სხდომა გაიმართა. საკრებულოზე ექვსი საკითხი განიხილეს. დეპუტატებმა ძირითადად ბიუჯეტის ცვლილებასა და ა(ა)იპ–ების დაფინანსების საკითხზე იმსჯელეს, სხდომაზე, ასევე  2021 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის წარდგენა–შეფასება მოხდა.

საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, გელა ლომიძის განმარტებით, ადგილობრივ ბიუჯეტი 1 058 400 ლარით გაიზარდა, საიდანაც, კიდევ ერთხელ ააიპებს დაფინანსება დაემატათ. ახალციხის ციხემ 50 000 ლარის სუბსიდირება მიიღო, 20 000 ლარი დაემატა ააიპ ახალციხის სერვის ჯგუფსს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ააიპებს დაფინანსება გაეზარდათ. ჟურნალისტების კითხვაზე თუ რატომ გახდა კიდევ საჭირო თანხის დამატება „ახალციხის ციხისთვის“, გელა ლომიძე განმარტა, რომ „ახალციხის ციხისთვის“ მიმდინარე თვის საკრებულოზე დამატებული თანხა საკმარისი არ იყო.

„ვინაიდან ახლა იწყება არჩევნების პერიოდი და ბიუჯეტში ცვლილება ვეღარ შევა სრულად რომ გაიტანოს თავი [ახალციხის ციხემ], დაახლოებით ამ წლის ნოემბრამდე, აქედან გამომდინარე მოხდა ეს ცვლილება. მისი წლის ბიუჯეტი სულ შეადგენს 533 000 ლარს. ის თანხა, რომელიც წინა თვეშ დავუმატეთ არ იყო საკმარისი, ვინაიდან გაიზარდა ბიუჯეტი, ჩვენც გავზარდეთ თანხა რათა სრულად იყოს დაფინანსებული“, – განაცხადა გელა ლომიძემ.

ახალციხის ციხე ადგილობრივი თვითმმართველობიდან ყოველწლიურ სუბსიდიას 2012–დან 2019 წლის ჩათვლით იღებდა. საკუთარი შემოსავლების გაზრდის შემდეგ გადაწყდა, რომ 2020 წლიდან ააიპ–ს თანხა აღარ დაერიცხებოდა, თუმცა ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ციხე დაგეგმილი შემოსავლების გარეშე დარჩა.

გელა ლომიძის თქმით, 20 000 ლარიან სუბსიდიას მიიღებს ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფიც“.

სხდომაზე დეპუტატებმა  მხარი დაუჭირეს ძიუდოს კლუბის ჩამოყალიბებას, რომელსაც რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტი დააფუძნებს.

დეპუტატებმა ასევე მოისმინეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის, მეორე კვარტლის შესრულების მიმოხილვა.