პამაჯისა და აბათხევის მოსახლეობამ ახალციხის მერიასთან აქცია გამართა

658

2 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელი პატარა პამაჯისა და აბათხევის მოსახლეობა სათიბების იჯარით არგაცემის მოთხოვნით შეიკრიბა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ადგილობრივებს ახალციხის მერი, ზაზა მელიქიძე შეხვდა.

„ჩვენი სოფლის მკვიდრს სურს სოფლის სათიბების 80 ჰექტარის იჯარით აღება, 60 ჰექტარი სოფელი აბათხევის სათიბებიდან, 20 სოფელი პამაჯიდან. ჯამში სათიბი მიწა 260 ჰექტარია, რომლითაც მთელი ორი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, როგორ შეიძლება ასე. ჩვენ ახალციხის მერიას მივმართეთ და გვითხრეს, რომ ჩვენი მოთხოვნის მიხედვით მიწა იჯარით არ გაიცემა“,- ამბობს პატარა პამაჯის მკვიდრი, ჰოვჰანნეს ბაბოიანი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა მელიქიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში განცხადებაა შესული.

„იჯარით მიწის აღება ყველას შეუძლია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიაში განცხადებაა შემოსული. განცხადება განხილვის პროცესშია. უპირატესად, დაცული იქნება თითოეული მოქალაქის ინტერესი“,-  განაცხადა მერმა.